რამდენიმე წუთის წინ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის ლგბტქ თემის წარმომადგენლებს ემუქრება და აცხადებს, რომ ქრისტიანული წესრიგის დარღვევას არ დაუშვებს მოსახლეობა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მიმართა, რომ არ დაეშვა “გეი პარადის” გამართვა. განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. თუმცა, აქციის ჩატარებამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. კონტრაქციასა და აქციას პოლიციის კორდონი ყოფდა.
მთავრობის ადმინისტრაციასთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ჯამში დააკავეს 28 პირი. აქედან 21 ხელწერის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო შვიდი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.
“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა ტერიტორია დატოვეს და განაცხადეს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორშაბათიდან დაიწყებენ მთავრობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს.
აღსანიშნავია, რომ კონტრაქციის მონაწილეებმა რამდენიმე ჟურნალისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ სამიქნობაში ხელი შეუშალეს.
“მეტრონომი” ემიჯნება ჰომოფობიურ განცხადებებს