ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა, რომ ელენე ხოშტარიას ისევ პატიმრობაში დატოვება გზავნის მკაფიო სიგნალს, რომ მოქმედი რეჟიმი ნამდვილად სასტიკია.
იუკნევიჩიანეს თქმით, პოლიტიკური საქმიანობის გამო პოლიტიკოსის პატიმრობაში დატოვება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის მიუღებელია, ხოლო რეზოლუციაში საუბარია როგორც სანქციების შესაძლო დაწესებაზე, ისე პროტესტების დროს ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც.
“ჩვენ გვაქვს ეს ინსტრუმენტი ევროპის პარლამენტში, რომ როდესაც ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევას ვაწყდებით ან ზოგიერთ ადამიანს პრობლემები აქვს ციხეში, ჩვენ შეგვიძლია წამოვიწყოთ ასეთი დებატები და დავაინიციროთ რეზოლუცია. ჩემს ინიციატივას მხარი დაუჭირეს სხვა ჯგუფებმა, შეიტანეს დღის წესრიგში და ჩვენ, სხვა ჯგუფებთან ერთად, დავასრულეთ მუშაობა ერთობლივ რეზოლუციის პროექტზე. მისი განხილვა დღეს გაიმართება, ხოლო კენჭისყრა ხუთშაბათს შედგება. მთავარი გზავნილი ეხება ელენე ხოშტარიას, ქალ პოლიტიკოსს, რომელიც მხოლოდ მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო დააპატიმრეს, ეს კი ჩვენთვის მიუღებელია. სასამართლოს მიერ ელენე ხოშტარიას ისევ პატიმრობაში დატოვება გვიგზავნის სიგნალს, რომ რეჟიმი ნამდვილად სასტიკია. ის სულ უფრო და უფრო სასტიკი ხდება. ჩვენი გზავნილია, რომ კანდიდატი ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირისკენ მიიწევს, პოლიტიკური პატიმრების არსებობა შეუთავსებელია.
ასევე ამ დოკუმენტში ვახსენეთ სხვა საკითხები, როგორიცაა BBC-ის გამოძიება ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით, რომელიც პროტესტის დროს გამოიყენეს. ასე რომ, ეს მოკლე რეზოლუციაა და არა ანგარიში.
პირველ რიგში, ჩვენი გზავნილი ქართველი ხალხისთვისაა, რომ ისინი მარტო არ არიან. ჩვენ ვეუბნებით მათ, ვინც ციხეშია, რომ ისინი მარტო არ არიან. ჩვენ გვახსოვს ისინი, ვიცით მათ შესახებ და ვცდილობთ, დავეხმაროთ მათ. დებატები არის გზავნილი ასევე სხვა ევროპული ქვეყნებისთვის, რომ წამოჭრან საქართველოს საკითხი და არ დაივიწყონ ეს ქვეყანა.
ამ რეზოლუციაში ჩვენ ასევე ვახსენეთ სანქციების დაწესების აუცილებლობა. მე ვფიქრობ, რომ სანქციები მნიშვნელოვანია და ამაზე ვისაუბრებთ ჩვენს ანგარიშში, რომელიც უკვე წარდგენილია. ის წარმოდგენილი იყო საგარეო კომიტეტზე. ამ დოკუმენტში ევროპარლამენტარები შეიტანენ შესწორებებს და დოკუმენტი მოგვიანებით განიხილება ევროპის პარლამენტში. ეს იქნება ყოვლისმომცველი, ძალიან ვრცელი დოკუმენტი საქართველოს შესახებ” – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

