საპატრიარქოს განცხადება, რა თქმა უნდა, შეიძლება აღვიქვათ ძალადობისკენ მოწოდებად – აცხადებს თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი.
“ეს განცხადება, რა თქმა უნდა, შეიძლება აღვიქვათ ძალადობისკენ მოწოდებად. მით უმეტეს, როცა ჩვენ ვნახეთ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები და დავინახეთ, რასაც აკეთებდნენ მაშინ ეკლესიის წარმომადგენლები. თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ყველას გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული.
საპატრიარქოს, რა თქმა უნდა, აქვს სრული უფლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი ლგბტ ადამიანებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ძალადობაში და როგორღაც მშვიდობიანად შევძლოთ ერთ ქვეყანაში თანაარსებობა”, – ამბობს თაბაგარი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო თბილისში 18-23 ივნისს დაგეგმილ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ქვიარ თემს ღონისძიება არ ჩაატარებინოს.
საპატრიარქო აცხადებს, რომ ლგბტ პირების ცხოვრების წესი სოდომური ცოდვაა, რომელიც ქრისტიანულ სარწმუნოებას და მორალს ეწინააღმდეგება.