მომავალი წლისთვის აჭარის სრული გაზიფიცირება უნდა დასრულდეს, – ეს განცხადება დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ქედაში გააკეთა.
ხელვაჩაურისა და ქედის იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც უკვე დაიწყო გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოები, რიჟვაძე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორთან, ჯაბა ხმალაძესთან ერთად ეწვია.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია გაზიფიცირების ნაწილში. დღეს ვიყავით მუნიციპალიტეტებში, სადაც აქტიურად დაიწყება წინასაპროექტო სამუშაოები. ჩვენი გეგმის შესაბამისად, შემდეგი წლის განმავლობაში სრულად უნდა დავასრულოთ აჭარის გაზიფიცირება. ეს ნიშნავს ძლიერ ოჯახებს და იმას, რომ კიდევ უფრო მეტად მოვუფრთხილდებით ტყეს და ეკონომიკაც და ტურიზმიც კიდევ უფრო მეტად განვითარდება რეგიონში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საპროექტო სამუშაოებს აჭარის რეგიონის ოთხი მუნიციპალიტეტის 23 სოფელში ახორციელებს. 202 სოფელში დაგეგმილია წინასაპროექტო მოკვლევის ჩატარება. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ჯამური ღირებულება 692 000 ლარია. პროექტირების დასრულების შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საჭირო პროცედურები, რის შედეგადაც ოთხი ათასამდე აბონენტს ექნება შესაძლებლობა მოიხმაროს ბუნებრივი აირი.
წყარო – საქართველოს პირველი არხი