სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, “2019 წლის 16 ივნისს რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მიმართ ჩადენილი დანაშაულიდან 15 წელი გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ იწურება საქმის ხანდაზმულობის ვადა, რის შემდეგაც ვეღარ შევძლებთ სამართლებრივი გზით სიმართლის დამტკიცებას”.
აქიმიძე და დვალი ამ ვადის გაგრძელებას ითხოვენ. მათ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
“ეს საქმე თავისი მნიშვნელობით სცდება ერთი კონკრეტული ტელევიზიის ბედს. ის თავის თავში ასახავს იმ უსამართლობას და ფუნდამენტურ ფასეულობათა ღრმა კრიზისს, რომელმაც ათწლეულებია მოიცვა ჩვენი ქვეყანა.
ამბავი ასეთია – 2004 წელს ხელისუფლებაში მოსულმა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ, ყაჩაღობის წესების სრული დაცვით, გამოსძალა რუსთავი 2 მის დამფუძნებლებს და კანონიერ მფლობელებს. ამ დანაშაულებრივი აქტით მაშინდელმა მთავრობამ და დღევანდელმა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ ფეხქვეშ გათელა მის მიერვე დეკლარირებული ყველა დემოკრატიული ფასეულობა, მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, კერძო საკუთრების უფლება და უბრალოდ, მოქალაქის უფლება, იყოს ძალადობისა და დამცირებისგან დაცული.
ეგრეთ წოდებულმა „ქართული ოცნების“ მთავრობამ კი, რომელიც სამართლიანობის აღდგენის ვალდებულებით მოვიდა ხელისუფლებაში, ყველაფერი იღონა იმისთვის, რათა ტელევიზია დამფუძნებლებს და კანონიერ მფლობელებს არ დაბრუნებოდათ. აქ ლაპარაკია არა ბიუროკრატიულ გულგრილობაზე, არამედ, გავლენის ბერკეტების და ძალაუფლების სრული მობილიზაციით, მიზანმიმართულ ძალისხმევაზე.
ხელისუფლებამ მიმართა ტაქტიკას, რომელმაც ნამდვილი დავა სუროგატით ჩაანაცვლა, რაც სრულიად მისაღები აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“, რადგან არც ერთ ამ ძალას ხელს არ აძლევს ტელევიზია გახდეს ობიექტური, რისი გარანტიაც იქნებოდა ტელევიზიის ჭეშმარიტი მფლობელებისთვის დაბრუნება.
აშკარაა, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად უფლებამოსილ პირთა მიერ გვერთმევა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების გამოყენების კანონით მონიჭებული უფლება და ვერავენ გვაძლევს პასუხს კითხვაზე, რატომ გახდა შეუძლებელი, ბრალი წარედგინათ დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის მაშინ, როდესაც მათი ვინაობა ცნობილია და ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ცნობილი ვართ დაზარალებულებად.
მივმართავთ საქართველოს საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრს, პროკურატურას, იუსტიციის მინისტრს, საქართველოს სახალხო დამცველს, პარლამენტს და განსაკუთრებით, პარლამენტის საღად მოაზროვნე წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ დაუშვათ რუსთავი 2-ის საქმის გამოუძიებლობა, ტელევიზიისა, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში დიდი როლი შეასრულა და მასთან ერთად გაიარა ქარტეხილები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იმაზე დიდი დანაშაული იქნება, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა 2004 წელს.
იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი ხელისუფლება შემჩნეულია არაკეთილსინდისიერ ქმედებაში მედიის კონტროლის სურვილთან დაკავშირებით, კარგად გვესმის, რომ რუსთავი 2-ის საქმეში დღევანდელი სტატუს-კვოს ცვლილება ბევრ ეჭვს დაბადებს. აქედან გამომდინარე, ხაზგასმით ვითხოვთ არა საკითხის დღეს გადაწყვეტას და ჭეშმარიტების დღესვე დადგენას, არამედ იმას, რომ გახანგრძლივდეს გამოძიების ვადა, რათა არ დავკარგოთ შანსი, მომავალში მაინც გაირკვეს, რა მოხდა 2004 წელს და როგორ აღმოჩნდა ეს ტელევიზია პოლიტიკური ძალების მფლობელობაში”, – ნათქვამია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიმართვაში.
წყარო – “ნეტგაზეთი“