ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვილნიუსის რეაბილიტირებული სკვერი ივლისში გაიხსნება

მთაწმინდის გამგეობა ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ვილნიუსის სკვერის სრულ რეაბილიტაციას ივლისში დაასრულებს. სწორედ ამ დროიდან შეძლებენ მოქალაქეები, ისარგებლონ ევროპული სტანდარტებით შექმნილი, თანამედროვე და მათთვის მორგებული რეკრეაციული სივრცით, სადაც ლიეტუვას კულტურულ სახესაც გაეცნობიან.

ამჟამად, სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ, პროექტის ავტორთან, არქიტექტორ რიტის ციკანავიჩიუსთან ერთად დაათვალიერა. კონტრაქტორი კომპანია „გრინსერვისის“ წარმომადგენლებმა მათ დარჩენილი სამუშაოების, გამწვანებისა და სკვერის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვის შესახებ ინფორმაცია დეტალურად გააცნეს.

განახლებულ სკვერში ამ ეტაპზე დეკორატიული შადრევნის მოწყობა მიმდინარეობს, სადაც ვილნიუსის ანგელოზის ქანდაკება დაიდგმება. უკვე დასრულებულია ლითონის პერგოლას მონტაჟი, რომელიც ხვიარა მცენარეებით გამწვანდება. ტერიტორიაზე, ასევე, მთლიანად შენარჩუნდება მწვანე საფარი და ახალი ნარგავებიც გაშენდება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო ზონების მოწყობას – დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის ატრაქციონები, მათ შორის, საქანელა შშმ პირებისთვის. მოეწყობა მუსიკალური სივრცე ქუჩისთვის ადაპტირებული ლითონის საკრავებით. სრულიად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა, მოეწყობა ადაპტირებული წყარო, დაიდგმება თანამედროვე ტიპის ურნები, მათ შორის, ურნა ცხოველთა ექსკრემენტებისთვის.

აღნიშნული პროექტი, რომელიც მთაწმინდის გამგეობას საჩუქრად ლიეტუვურმა მხარემ გადასცა, გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ღირებულება 930 ათასი ლარია.

იტვირთბა....