აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროსაბჭოს ყოფილ გენერალურ მდივანსა და ნორვეგიის ყოფილ პრემიერს, ტორბიორნ იაგლანდს კორუფციის ბრალდება წაუყენეს

ევროსაბჭოს ყოფილ გენერალურ მდივანსა და ნორვეგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ტორბიორნ იაგლანდს ჯეფრი ეფშტეინთან სავარაუდო კავშირების გამო ბრალი წაუყენეს.

ამის შესახებ „ბიბისი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

ტორბიორნ იაგლანდს „უხეშ კორუფციაში“ ადანაშაულებენ. იაგლანდს ბრალი მას შემდეგ წარუდგინეს, რაც ნორვეგიის მოთხოვნით, ევროსაბჭომ ჯეფრი ეფშტეინთან კავშირების გამოსაძიებლად მას იმუნიტეტი მოუხსნა. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, იაგლანდი თავს უდანაშაულოდ ცნობს და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მილიონობით დოკუმენტის თანახმად, ევროსაბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი და ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გეგმავდა ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინის სახლებში, როგორც მარტო, ასევე ოჯახთან ერთად, ვიზიტებს პარიზში, ნიუ-იორკსა და პალმ-ბიჩზე. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მას შემდეგ ხდებოდა, რაც ეპშტეინი არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ დანაშაულებში გაასამართლეს.

მედიის ინფორმაციით, ნორვეგიის დანაშაულებრივმა დანაყოფმა „ოკოკრიმმა“ ტორბიორნ იაგლანდის სამ სახლში ჩხრეკა უკვე ჩაატარა, მოსალოდნელია მისი დაკითხვა. გავრცელებული ცნობით, იაგლანდი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას, 2009-2019 წლებში, სავარაუდოდ, იღებდა საეჭვო საჩუქრებსა და სესხებს, სარგებლობდა ანაზღაურებადი მოგზაურობებით.

ცნობისთვის, ნორვეგია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ეპშტეინის დოკუმენტების გამოქვეყნებამ ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია. იაგლანდის გარდა, დოკუმენტებში ფიგურირებს ნორვეგიის პრინცესა მეტე-მარიტი. ეპშტეინის დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ იორდანიასა და ერაყში ნორვეგიის ელჩს უფლებამოსილება შეუჩერდა. როგორც აღმოჩნდა, დიპლომატის მეუღლეს, რომელიც ასევე გაერო-ში გავლენიანი მომლაპარაკებელია, ახლო კავშირები ჰქონდა ეფშტეინთან.

იტვირთბა....