გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე ხელისუფლებისგან ღირსების ორდენსაც ელოდება. ამის შესახებ რადიო “მოზაიკას” პარლამენტარმა განუცხადა. იოსებ მაკრახიძე ფიქრობს, რომ ამ ხელისუფლებისგან ყურადღება და დაფასება არ აკლია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ჯილდო წინა ხელისუფლებების შემდეგ ამჟამინდელი მმართველობისგანაც მიიღოს დეპუტატის უფლებამოსილების ამოწურვამდე.
“შევარდნაძის მმართველობის დროსაც დამაჯილდოეს ღირსების ორდენით და სააკაშვილის პერიოდშიც. თუ დავიმსახურებ, არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტარობის პერიოდში ამ ხელისუფლებამაც გადმომცეს ეს ჯილდო. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ეს ხელისუფლება მე უკვე მაფასებს, აბა დაფასება არ არის, რომ ვმუშაობ, ტენდერებს რომ მაგებინებენ? სხვათა შორის, ვაპირებ უახლოეს პერიოდში ამოვკრიფო და გამოვაქვეყნო მონაცემები 2016 წლიდან დღემდე რამდენი ტენდერში მივიღე მონაწილეობა, რამდენი მოვიგე და რამდენი წავაგე”, – ამბობს იოსებ მაკრახიძე.