ცხოველებისადმი არასათანადო და სასტიკი მოპყრობისთვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები გამკაცრდა. თბილისის მერიის ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დამტკიცა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განაცხადებით, კანონი ცხოველების წამების შესახებ გამკაცრდა და შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მისი თქმით, ეს კანონი ქმნის პრევენციას, რომ სამომავლოდ მსგავსი ქმედებები არ მოხდეს.
“ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობის შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოვახდინეთ და საქართველოს პარლამენტმა ის მესამე მოსმენით მიიღო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და მინდა, პარლამენტის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო. ცხოველის წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა – პატიმრობა. ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა ვნახეთ, თუ როგორ კლავდნენ და ასახიჩრებდნენ ცხოველებს. ეს ძალიან მძიმე სანახავია და ამ მიმართულებით, კანონის გამკაცრება მნიშვნელოვანია. ასევე, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია, ადმინისტრაციული სახდელის ზომა გაიზარდა 500 ლარამდე. არასრულწლოვნის მიერ ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, მშობლის პასუხისმგებლობა განისაზღვრა.” – განაცხადა კახა კალაძემ.