ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ახალი ინიციატივა აქვს, რომლის მიხედვითაც, ლიბერთი ბანკის მიერ პენსიონერებისთვის გაცემულ სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთების გაუქმებას ითვალისწინებს.
“გაუქმდეს საპროცენტო განაკვეთი წინასწარ აღებულ პენსიებზე და პენსიონერებზე გაცემულ სესხებზე და ის გახდეს 0 %. სესხის აღებისთვის დადგენილი მომსახურების ხარჯი დაიფაროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ეს შეეხოს არა მხოლოდ სამომავლო სესხებს, არამედ ყველა პენსიონერს, ვისაც უკვე წინასწარ აღებული აქვს პენსია ან პენსიით უზრუნველყოფილი სესხი.
ყველა პენსიონერს, ვისაც დღემდე პროცენტის გადახდა მოუწია, აუნაზღაურდეს ბანკის მიერ მათთვის წაგლეჯილი ფული და აღნიშნული საკუთარ თავზე აიღოს სახელმწიფო ბიუჯეტმა.
დღეისათვის ლიბერთი ბანკი პენსიონერებზე სესხს 36%-ად გასცემს, მაშინ როცა ჩვეულებრივი მოქალაქისა და კომპანიებისთვის საპროცენტო განაკვეთი 7-დან 14%-მდეა. რაც იმას ნიშნავს რომ პენსიონერს სამჯერ უფრო მეტის გადახდა უწევს.
ლიბერთი ბანკისათვის მხოლოდ ფიზიკური პირებისაგან მიღებულმა საპროცენტო შემოსავალმა, 2018 წელს, 235 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან პენსიონერების ამოღებული შემოსავალი 83% ანუ დაახლოებით 195 მილიონია.
შეიძლება ითქვას, რომ ეს ბანკი დღეს მხოლოდ პენსიონერების გატყავებაზე მუშაობს და ამით არსებობს, ხოლო მილიარდერი ივანიშვილი პენსიონერების გაჭირვებაზე სარგებელს პოულობს, კიდევ უფრო მდიდრდება თვითონ და კიდევ უფრო აღატაკებს პენსიონერებს”, – ნათქვამია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ რელიზში.