ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა პანკისში მცირე ჰესის მშენებლობის გამო განვითარებულ მოვლენებას შეეხო.
„ის რაც მოხდა, რასაკვირველია, იყო ძალიან სამწუხარო გაუგებრობა და როდესაც მსგავსი ფაქტი ხდება, რა თქმა უნდა, ძირითადი პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოსი, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროსი და ეკონომიკის მინისტრისაც. მეც ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას შექმნილ პრობლემაზე. მე ამასთან დაკავშირებით დავინახე ძალიან დიდი გამოწვევა და საჭიროება, მთლიანად ენერგეტიკის დარგის რეფორმიერბის ანუ პანკისის და სხვა რამოდენიმე მსგავსმა შემთხვევამ, როდესაც ქვეყნისთვის ძალიან საჭირო პროექტებს, ცუდი კომუნიკაციის გამო დაბრკოლება ექმნება და ვერ ხორციელდება დროულად, ამან დაგვანახა, რომ ჩვენი ენერგეტიკის სექტორი სწრაფ რეფორმირებას საჭიროებს, მათ შორის კომუნიკაციის ნაწილშიც, უკეთესი კომუნიკაციის მხრივ, რომელიც აშკარად აკლდა ამ კონკრეტულ შემთხვევას” – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს მეტი ელექტროენერგია სჭირდება.
“მეტი უსაფრთხოებისთვის მეტი განახლებადი წყაროები გვჭირდება, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პანკისის ხეობის შემდგომი განვითარების პროგრამებთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში კონსენსუსს ინვესტორისა და მოსახლეობის ჩართულობით მივაღწევთ და ამ პროგრამებს შორის მცირე ჰესები იქნება. ამ თვალსაზრისით, ხეობას კარგი გამოცდილება აქვს და იქ მსგავსი პროექტები მოქმედებს, ადამიანებს ასაქმებს“, – განაცხადა მინისტრმა.