31 მაისს იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტრომ (METI) ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის (SEZ) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ჩასატარებლად გრანტი გამოყო. კვლევის მთავარი მიზანია, დადგინდეს ის ძირითადი მიმართულებები, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება იაპონური კომპანიების (საწარმოო და ლოგისტიკური სექტორი) მოზიდვა და პროექტში ჩართვა, როგორც ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ნაწილი. კვლევაში ჩამოყალიბებული იქნება SEZ-ის განვითარების გეგმა და მასტერპლანი. გრანტის ფარგლებში, სამი საერთაშორისო კომპანია ერთვება: Tomonius Co., Ltd – გრანტის აპლიკანტი, Phnom Penh SEZ Plc – თანამშრომლობის პარტნიორი კომპანია და Nippon Koei Co., Ltd – საკონსულტაციო კომპანია, რომელიცSEZ-ის განვითარების გეგმაზე მუშაობს.
„2019 წლის თებერვლიდან „ანაკლია სითი“ და „პნომ პენ სეზი“ ერთობლივად მუშაობდნენ ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის სტრატეგიაზე. „პნომ პენ სეზის“ კლიენტებს შორის წამყვანი იაპონური და საერთაშორისო კომპანიები არიან. ამა წლის მარტში „პნომ პენ სეზის“ გენერალურმა დირექტორმა და „ნიპონ კოეის“ ექსპერტებმა ანაკლია მოინახულეს, რათა უფრო სიღრმისეულად შეესწავლათ პროექტი.
„იმედს გამოვთქვამ, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება დადებითი შედეგის მომტანი იქნება იაპონური კერძო კომპანიებისთვის“, – განაცხადა საქართველოში იაპონიის ელჩმა უეჰარა ტადაჰარუმ.
„ეს არის დასტური იმისა, რომ იაპონიას დიდი ინტერესი აქვს საქართველოს, როგორც ეკონომიკური დერეფნის მიმართ. იაპონია დაინტერესდა ჩვენი ეკონომიკური დერეფნით და აპირებს, ანაკლია აქციოს ბიზნეს და საწარმოო ჰაბად. იაპონური კომპანიებისა და „ანაკლია სითის“ შორის თანამშრომლობა ყოველთვის იყო ჩვენს დღის წესრიგში. ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობა მოხდება მაქსიმალურ დონეზე, რადგან იაპონური კომპანიებს შეაქვთ ხარისხი, ეფექტიანობა და უახლესი ტექნოლოგიები ყველგან, სადაც ოპერირებენ. ეს ჩვენთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, გამოვიყენოთ იაპონიის სახელმწიფოს მხარდაჭერა და გავაძლიეროთ ეკონომიკური თანამშრომლობა იაპონურ კომპანიებსა და ანაკლიის პროექტს შორის, შესაბამისად, საქართველოსა და იაპონიას შორის“, – განაცხადა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ბოჭორიშვილმა.
„საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს, როგორც რეგიონალური ჰაბი, ანაკლიის პროექტის განვითარების შედეგად. მოხარულები ვართ, ჩვენი გამოცდილება „ანაკლია სითის“ გავუზიაროთ სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების მიმართულებით, რათა მიიზიდოს გლობალური ინვესტორები, იაპონელების ჩათვლით. ამასთანავე, ჩვენ გვსურს, საქართველოსგან ვისწავლოთ, როგორ მივაღწიოთ მე-6 ადგილს მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, რაც ბევრი აზიური ქვეყნისთვის მაგალითი უნდა იყოს“, – განაცხადა „პნომ პენ სეზის“ გენერალურმა დირექტორმა, ჰიროში უემატსუმ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის მსგავსი თანამშრომლობა პირველია. და საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტისა და თანამედროვე ინდუსტრიული ზონის მიმართულებით სრულიად ახალი პერსპექტივა უჩნდება.
ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა (SEZ) განავითარებს 400 ჰა ფართობის ტერიტორიას და დაასაქმებს 16,000-მდე ადგილობრივ ადამიანს შემდგომი 20 წლის განმავლობაში. SEZ-ი სრულიად ინტეგრირებული იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან, შექმნის საერთო თავისუფალ ეკონომიკურ ზონას და წვდომა ექნება მულტიმოდალურ ინფრასტრუქტურაზე: ღრმაწყლოვანი პორტი, გზა და რკინიგზა, რომელიც დაუკავშირდება ეროვნულ ქსელებს. ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ზოგადი კონცეფციის მიხედვით, განვითარდება ისეთი ინდუსტრიები, როგორიცაა: ლოგისტიკა, მსუბუქი მრეწველობა, მომსახურება, ტურიზმი და ა.შ. სპეციალური ზონა, რომელიც განკუთვნილია ტრენინგებისა და ადამიანური რესურსების განვითარებისთვის, დაეხმარება რეგიონის შრომით მუშახელს უნარ-ჩვევების ამაღლებაში. რადგან საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის დადაბალი გადასახადების გამო, მსოფლიო რეიტინგში ისედაც ლიდერთა შორისაა, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა კიდევ უფრო წაახალისებს ინვესტორებს, გადმოიტანონ თავიანთი ბიზნესები ანაკლიაში. ანაკლიის პორტთან დაკავშირებული სპეციალური ეკონომიკური ზონა უდიდეს შესაძლებლობებს შესთავაზებს და მოიზიდავს როგორც საგარეო პირდაპირ ინვესტიციებს, ისე ადგილობრივ ინვესტიციებსაც; შექმნის კლასტერებს, ხელს შეუწყობს ახალი ინდუსტრიების განვითარებას, გაზრდის ეკონომიკურ ინტეგრაციას და გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს. ახლახან „ანაკლია სითიმ“ და აზიის განვითარების ბანკმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მომერანდუმს, რომლის მიზანიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების შესწავლა, იდენტიფიცირება და დახმარება. თანამშრომლობის მომერანდუმი აზიის განვითარების ბანკსა და „ანაკლია სითის“ შესაძლებლობას აძლევს, უკეთ ითანამშრომლონ ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, ადამიანური რესურსები, ფინანსები და ვაჭრობა.