პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებით, გენერალური პროკურორი კონკრეტული პროცედურის საფუძველზე შეირჩევა.
კობახიძე განმარტავს, რომ კანდიდატურა პარლამენტს მას შემდეგ წარედგინება, რაც მას საპროკურორო საბჭო შეარჩევს. კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარს პირველი კანონმდებელი პროცესის ამ ეტაპზე ნაადრევად მიიჩნევს.
“ამ ეტაპზე, როცა საერთოდ არ დაწყებულა პროცესი, ნაადრევია კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე საუბარი, აქედან გამომდინარე, ამას დავარქმევდი მორიგ სპეკულაციას”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, 1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა გენერალურ პროკურორსაც სურს. სიაში არიან იურისტებიც: გიორგი კონდახაშვილი, გელა ნიკოლაიშვილი, პაატა შავაძე, არჩილ ჩოფიკაშვილი, დიმიტრი ხაჩიძე. განცხადება შეიტანა ზურა აზნაურაშვილმაც, რომელიც აუდიტის სამსახურში პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსია. სულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა 144 ადამიანს სურს.