იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი არ არის საქართველოს მთავრობისთვის ივანე მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა.
განცხადების თანახმად, მინისტრთა კომიტეტმა 5 ივნისს კვლავ მოიწონა ის ღონისძიებები, რომელთაც საქართველოს მთავრობა ატარებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად.
„მიუხედავად ადვოკატების მოთხოვნისა, მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი მინისტრთა კომიტეტმა საერთოდ არ განიხილა. მინისტრმა კომიტეტმა მოიწონა, რომ: 2013 წელს მომჩივნის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე განახლებული გამოძიების ფარგლებში ივანე მერაბიშვილს მიეცა წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე და მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 13 მაისის ბრძანების შესაბამისად, 2019 წლიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების შენახვა ამჟამად არსებულ 5-დღიან ვადაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით − 30 დღით გახდება შესაძლებელი; ამ ბრძანების 15 პენიტენციურ დაწესებულებაში იმპლემენტაციის პროცესი დაიწყება 2019 წლის 1 ივლისს და დასრულდება 2021 წლის 1 იანვრამდე;
პარლამენტმა დაამტკიცა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს ფარული და კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას სამოხელეო დანაშაულებზე.
მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის საქმის აღსრულების საკითხი პირველად 2018 წლის 4 დეკემბერს შეაფასა, მოიწონა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები და აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი არ არის მთავრობისთვის ივანე მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.