ახალი ამბები მთავარი

“დევნილები საკუთარ სახლებში უნდა დაბრუნდნენ” – გაეროში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა სტატუსზე გაეროში რეზოლუცია მიიღეს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 73-ე სესიის ფარგლებში 79 მხარდამჭერით 15-ის წინააღმდეგ საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მიიღო.

გენერალურმა ასამბლეამ აღიარა საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და მათი შთამომავლების ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში დაბრუნების უფლება და ხაზი გაუსვა საკუთრების უფლების პატივისცემის და კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორებზე დაუბრკოლებელი  ჰუმანიტარული წვდომის აუცილებლობას.

„ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე. აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს ” – ნათქვამია საქართველოს საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს. რეზოლუცია, გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროს ტრიბუნიდან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცებების შემთხვევებს შეეხო და აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევები ხშირია. კახა იმნაძემ სიტყვით გამოსვლისას ბაშარულის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილისა და კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. 

იტვირთბა....