პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადება შეაფასა და განაცხადა, რომ ის, რომ საზღვრის დელიტიმაციის შესახებ განცხადება ზურაბიშვილმა ბახტაძესთან შეათანხმა, ტრაგედია არ არის.
ხუხაშვილის თქმით, ზურაბიშვილმა საკითხს რელიგიური ელფერი შესძინა.
“თუ ჩვენ საზღვრის საკითხის დელიტიმაცია ვსაუბრობთ, ეს შეიძლება, შეთანხმებული იყოს და ამაში ტრაგედია არ არის. შინაარსთან დაკავშირებით, პრეტენზიები სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში არ მაქვს – ეს თემა უნდა იყოს აქტუალური და საზღვრის დელიტიმაციაზე უნდა იყოს ლაპარაკი. მე სხვა პრეტენზიები მაქვს – ზურაბიშვილმა ამ საკითხს რელიგიური განზომილება მისცა. თემა გადაიყვანა მსოფლმხედველობით თემაში, რელიგიური კონტექსტი შესძინა ამ ყველაფერს. 5 მარტის განცხადებაში ზურაბიშვილი ამბობს, რომ დელიტიმაციის საკითხები გაიარა მამა ილარიონთან, შეათანხმა ბერებთან და ა.შ.
ამით, ფაქტობრივად, მან პოლიტიკური საკითხი სახიფათო მოედანზე გადაიყვანა – პრობლემა ამაშია. მეტსაც გეტყვით, ზურაბიშვილი ვალდებულიც კი იყო ამ საკითხზე ესაუბრა აზერბაიჯანთან. ახლაც კი ცდილობს პრეზიდენტი, აქცენტები შეცვალოს და ამით თავი დაიძვრინოს. მეორე, ეს იყო ერთი შეცდომა. ამის შემდეგ საუბარი იყო გარეჯი ჩვენია თუ არაა ჩვენი, გარეჯს გვართმევენ და ა.შ. ეს კონტექსტი იყო არასწორი. ამან გამოიწვია დაძაბულობა. გარდა ამისა, მისი გამოჩენა ადგილზე ორი შეიარაღებული ჯარისკაცით და ამ ფოტოს დადება იყო პროვოკაციული გზავნილი. პრინციპში, ზურაბიშვილი ამ კითხვებზე საუბარს თავს არიდებს. თუმცა, აზერბაიჯანული მხრიდანაც იყო სახიფათო ქმედებები”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ყველა აქტივობა, ყველა მოლაპარაკება ყოველთვის არის კანონთან სრულ შესაბამისობაში და შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან.