საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო გოგუაძეს თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე უსაფუძვლო საჩივრებს ავრცელებდა და ამით ცდილობდა, შეექმნა შთაბეჭდილება, რომ არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობდა.
„პირადად ვაკვირდებოდი არჩევნებს ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, ვაკვირდებოდი როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, ასევე არჩევნების დღეს. როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი ხვდებოდა ამომრჩეველს მშვიდ, წყნარ გარემოში, „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია მიმართული იყო იმისკენ, რომ შეექმნა პროვოკაციები, დაძაბულობის ფონი, მოეხდინა ადმინისტრაციის დისკრედიტაცია და უსაფუძვლო საჩივრები ეწერა. ქალბატონი თინა ბოკუჩავას ინციდენტიც საარჩევნო უბანზე სწორედ ამის ძალიან თვალსაჩინო მაგალითი იყო. ის სრულიად უკანონოდ უბნის კომისიას სთხოვდა, რომ უბანზე დარჩენის უფლება მოეპოვებინა, – მიმართა ნინო გოგუაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინა ბოკუჩავას.
როგორც ნინო გოგუაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მუდმივად აწყობდნენ პროვოკაციებს:
„სიმართლესაც გაუსწორეთ თვალები. საარჩევნო დღის ერთ-ერთი მთავარი ტყუილი იყო, თითქოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ჰქონდათ სამაგიდო სია და ამით მუშაობდნენ უბნებზე, ერთი საჩივარი დაწერეთ სიებზე? – არა, რადგან არ ყოფილა ასეთი სია და შემდეგ ხდებოდა ადმინისტრაციისკენ ხელის გაშვერა. ეს იყო ამის ერთადერთი მიზანი. რაც შეეხება სიების გამოყენებას, ეს არაერთხელ იყო განსჯის თემა და ნამდვილად უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ამომრჩეველთა სიებით და მხარდამჭერთა სიებით ტარდება არჩევნები. არჩევნები არის შეჯიბრი და ვინც მეტი ამომრჩევლის მობილიზებას ახდენს, ის იგებს არჩევნებს. ახლა თქვენ შეიძლება უკმაყოფილო ხართ, რომ ვერ შეძელით მეტი მხარდამჭერის მობილიზება არ გაყავთ და ამ შემთხვევაში გაჯობათ მმართველმა პარტიამ“, – მიმართა გოგუაძემ თინა ბოკუჩავას.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თინა ბოკუჩავასს 19 მაისს ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანი დაატოვებინეს.
როგორც მას განუმარტეს, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა, თუმცა თავად ბოკუჩავა აცხადებს, რომ მას ეს უფლება აქვს, რადგან პარლამენტის წევრია. მისი თქმით, საარჩევნო უბანი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. დეპუტატი აცხადებდა, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა და საარჩევნო უბანზე მართვის მოწმობით იმყოფებოდა.