სტუდენტის მიერ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ომარ მახარაძე ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, თანამდებობიდან ვადამდე წასვლის შესახებ განცხადებით მან საკრებულოს თავად მიმართა.
მედიასაშუალების ცნობით, ომარ მახარაძის ადგილს, სავარაუდოდ, თემურ კახიძე დაიკავებს.
თანამდებობის დატოვების მიუხედავად, მახარაძე საკრებულოს წევრად რჩება, ვინაიდან მაჟორიტარული წესით არჩეული წევრია, თუმცა გაუქმდა ფრაქცია – “ქართული ოცნება მრეწველები”, რადგან სამკაციანი ფრაქციის ერთ-ერთი წევრი ომარ მახარაძე იყო.
ომარ მახარაძე სექსუალურ შევიწროებაში ბათუმის უნივერსიტეტის 19 წლის სტუდენტმა დაადანაშაულა.
უნივერსიტეტის დისციპლინარულმა კომისიამ ლექტორს, 28 მაისს ხელშეკრულება შეუწყვიტა. გადაწყვეტილება კომისიის შვიდივე წევრმა ერთხმად მიიღო.
მახარაძე გუშინ გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც თავად აცხადებს, მომხდარი მის მიმართ პროვოკაციაა და ყველაფერს გამოძიება დაადგენს.