“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის გუნდის პოზიციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ისინი 9 ივნისს გასამართი არჩევნების მეორე ტურში მხარს არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერენ.
როგორც უგულავა ამბობს, ელისაშვილ-იოსელიანის გუნდს მეტი დაფიქრება მართებს, რატომ დაეცა მათი მხარდაჭერა 17-დან 6%-მდე.
“სიმართლე გითხრათ იოსელიან-ელისაშვილის მხარდაჭერა უფრო მათ თავად სჭირდებოდათ, ვიდრე შალვა შავგულიძეს. მეტი დაფიქრება მართებს ელისაშვილ-იოსელიანს რატომ დაეცა მათი მხარდაჭერა 17-დან 6%-მდე. ამომრჩეველს გამბედავი კანდიდატი მოსწონს და არა თავის თავში ჩაკეტილი და საკუთარ თავზე შეყვარებული. შალვა შავგულიძეს ახალ პარტნიორებს უწუნებს ბატონი იოსელიანი(შესაბამისად ელისაშვილი. ეგ როგორ გამოდის ბიჭებო?! თქვენს მხარდაჭერას როცა გვთხოვდით ჩვენ, მაშინ მისაღები ვიყავით? როცა ბატონი ელისაშვილი მთაწინდაზე ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე საუბრობდა (რატომღაც ერთიანი კანდიდატი ყველას მხოლოდ თავის თავი წარმოუდგენია, მაშინ რატომ არ “ჰკითხა თავის ამომრჩეველს” ვუნდოდით ევროპული საქართველო პარტნიორად? ნაციონალებზე აღარაფერს ვამბობ – მათ გარეშე როგორ წარმოედგინათ მთაწმინდაზე ერთიანი ოპოზიციის კანდიდატობა?!. მოკლედ, სამწუხაროდ, ტყუილი და ფარისევლობაა ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, თუ ელისაშვილს არ ყოფნის გამბედაობა, მის ამომრჩეველს ნამდვილად ეყოფა, რადგან გამბედაობაა გამარჯვების საფუძველი” – წერს სოციალურ ქსელში უგულავა.
თავის მხრივ ლევან იოსელიანმა უკვე ახსნა თავისი გადაწყვეტილება. მისი თქმით, მიზეზი ისაა, რომ შავგულიძემ თავისი პოლიტიკა დაუკავშირა ისეთ გუნდს, რომლის ხედვებიც მისთვის და მისი ამომრჩევლისთვის მიუღებელია.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 9 ივნისს, მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც შალვა შავგულიძე და ლადო კახაძე დაუპირისპირდებიან.