ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხატია მოისწრაფიშვილი, საზოგადოებას, დავით გარეჯთან დაკავშირებით, პრეზიდენტის განცხადებებს ახსენებს

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას დავით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ის განცხადებები შეახსენა, რომელიც მან დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.

“მინდა შეგახსენოთ ყველა ის განცხადება, რომელიც დავით-გარეჯის თემაზე, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთდა:

პირველი განცხადება აზერბაიჯანში, ოფიციალური ვიზიტისას, პრეზიდენტ ალიევთან ერთად გამართული პრესკონფერენციიდან: „გადავწყვიტეთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას მითითება მივცეთ, რომ განაახლონ მუშაობა და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი საზღვარი და არა გამიჯვნის საზღვარი.

ნორმალურია, რომ ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეს საკითხი დასრულდეს.

მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს ამ მიღებისთვის, მე მჯერა და ვისურვებდი, რომ ეს არის საწყისი ახალი და მჭიდრო ურთიერთობების და მეგობრობის.

ამ იმედით მინდა დავასრულო ჩემი პირველი გამოსვლა“.

მეორე განცხადება, რომელიც „ევროპა ნოსტრას“ ექსპერტებთან ერთად, პრეზიდენტის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონახულებისას გააკეთა: „ამოვედი დავით გარეჯის ზედა ნაწილში ევროპა ნოსტრას ჯგუფთან ერთად და დავათვალიერეთ კლდის ნახატები და ფრესკები ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა.

სწორედ, ამას ემსახურება „ევროპა ნოსტრას“ მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება.

აუცილებელია ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ და სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს“.

მესამე განცხადება გაკეთებული საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე: „საზღვრების გარეშე ვერც სახელმწიფო და ვერც დამოუკიდებლობა ვერ იქნება დაცული.

ამიტომ ჩემი ვიზიტების ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტად დავაყენე ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ჩვენი საზღვრების დელიმიტაციის საკითხი.

აუცილებელია ამ საკითხის საბოლოოდ მოგვარება, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების გართულება და რეგიონში სტაბილურობისთვის ხელის შეშლა.

მოხარული ვარ, რომ დროულად განახლდა ერთობლივი კომისიის მუშაობა და ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში მივაღწევთ სათანადო შედეგს, როგორც მოითხოვს სახელმწიფოს ინტერესები“.- განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

იტვირთბა....