საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სექსუალური შევიწროვების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში განმარტებულია თუ რატომ აღარ იცავს ორგანზაცია იმ სტუდენტის ინტერესებს, რომელმაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი და საკრებულოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან”, სექსუალური ხასიათის შევიწროებაში ამხილა.
საიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“საზოგადოების მაღალი დაინტრესების გამო, გვსურს განვმარტოთ, რატომ აღარ აქვთ საიას ადვოკატებს უფლებამოსილება, დაიცვან სტუდენტის ინტერესები, რომელმაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი და საკრებულოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან” სექსუალური ხასიათის შევიწროებაში ამხილა.
2019 წლის 21 მაისს სტუდენტმა მედიას ამ საქმეზე პირველი ინტერვიუ მისცა და შესაბამისი მტკიცებულებები გაასაჯაროვა. ინტერვიუს გამოქვეყნებიდან მალევე საია დაუკავშირდა სტუდენტს და სამართლებრივი დახმარება შესთავაზა, რასაც იგი დათანხმდა. საია მზად იყო სტუდენტის უფლებების დასაცავად როგორც სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე ყველა სხვა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით.
საქმესთან დაკავშირებულ ყველა დეტალს საიას ადვოკატები მასთან ათანხმებდნენ და ემზადებოდნენ 24 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომისიაში დაგეგმილ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. სხდომის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, ჩვენთვის მოულოდნელად სტუდენტმა უარი თქვა საიას ადვოკატის დახმარებაზე და მის საქმეში კერძო ადვოკატი ჩაერთო. შესაბამისად, საიას ადვოკატებს აღარ აქვთ უფლებამოსილება, წარმოადგინონ მისი ინტერესები და გააკეთონ კომენტარები საქმის დეტალებზე.
საია პატივს სცემს დაზარალებულის გადაწყვეტილებას და ამავდროულად მზადაა, მისი სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მომენტში დაუბრუნდეს ამ საქმეს. ვუცხადებთ საჯარო მხარდაჭერას სტუდენტს მის მიერ წამოწყებულ სამართლებრივ ბრძოლაში და იმედი გვაქვს, რომ ამ საქმეზე დადგინდება სიმართლე”.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელიც ბათუმის საკრებულოს დეპუტატიცაა, მეორე კურსის სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
ლექტორი, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ტელეფონი გაუტეხეს.