პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ტავმჯდომარე სოფიო კილაძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ პარლამენტში ბავშვის კოდექსის დასამტკიცებლად ფორმალური ნაწილირაა დარჩენილი.
კილაძის განცხადებით, ის რაც კასპში მოხდა ტრაგედიაა, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში არ ძალუძს სახელმწიფოს, რომ მსგავსი ასი ფაქტიდან ასივე აიცილოს თავიდან.
“პირველ რიგში, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ვუსამძიმრებ ოჯახის სხვა წევრებს, ვისთვისაც ეს ბავშვი ძვირფასი იყო. ენით აღუწერელი ტრაგედია არის, ჯერ ბავშვის გარდაცვალება. მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის ძალაში შესული, მაგრამ თუ სავარაუდოდ, ნამდვილად ესე მოხდა, რომ დედამ მოკლა ბავშვი, ეს ტრაგედიაზე მეტია.
ამ შემთხვევაში, როგორც მოგეხსენებათ ბავშვის კოდექსზე ვმუშაობთ და პარლამენტში ფორმალური ნაწილის გავლაღა დარჩა. კოდექსი მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებსა და პროგრამებს ითვალისწინებს, რომელმაც ასეთი შემთხვევები უნდა შეამციროს. თუმცა, ყველა ქვეყანაში ასეა, რომ სახელმწიფოს არ ძალუძს თავიდან აიცილოს ასეთი შემთხვევები. ვფიქრობ, თუ გავაძლიერებთ მთელ იმ მიმართულებებს, რაც ბავშვის კოდექსშია, ასეთი შემთხვევების თავიდან აცილება შესაძლებელია. როდესაც სოციალური მუშაკები, ადგილობრივი თვითმმართველობები, სხვადასხვა სამინისტროები უფრო აქტიურად მუშაობენ ოჯახებში და მათი საჭიროებები უფრო მეტად იციან. როგორც მოგახსენეთ, ალბათ, სახელმწიფოს არც ერთ ქვეყანაში არ ძალუძს, რომ ასიდან ასი ასეთი შემთხვევა აიცილოს თავიდან.
მეც დღეს გავიგე მედიის საშუალებით ამ თემაზე და დეტალები არ ვიცი. ამას შემდგომი კვლევა-ძიება ჭირდება. ისე პასუხის გაცემა გამიჭირდება”, – განაცხადა კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა.