გვქონდა ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია და ვიცით, რომ მობილიზებული ჰყავთ საკმაოდ დიდი რაოდენობა პოლიციელებისა, რომლებიც საარჩევნო უბნებთან ახლოს იქნებიან და მზად იქნებიან, პრობლემის შექმნის შემთხვევაში, ჩაერთონ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლებმა, ლევან ნატროშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ის ცესკო-ში გამართულ შეხვედრას დაესწრო, რომელზეც ხვალ დაგეგმილი არჩევნების საკითხზე იმსჯელეს.
ნატროშვილის განცხადებით, როგორც შეხვედრაზე განუცხადეს, უკვე საკმაოდ ბევრი საჩივარია რეგისტრირებული.
„შეხვედრაზე მოგვაწოდეს ინფორმაცია, თუ რამდენი საჩივარი არის დარეგისტრირებული ამ ეტაპზე და როგორც ჩანს, უკვე საკმაოდ ბევრი საჩივარია. საუბარი იყო იმაზე, თუ რას ეხებოდა ეს საჩივრები. მათი მხრიდან გამოითქვა აზრი, რომ ძირითადად, უმნიშვნელო საკითხებზე იყო საჩივრები დაწერილი და არ ეხებოდა მნიშვნელოვან კანონდარღვევებს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ასევე, ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია იმ რიცხვების შესახებ, რომლებიც გვაქვს ამ ეტაპზე დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების კუთხით. როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრი დამკვირვებელი იქნება ამ არჩევნებზე და მათი აზრით, დამკვირვებლებისა და მედიის ყველაზე დიდი კონცენტრაცია – დააახლოებით 80% იქნება ზუგდიდზე. საუბარია ათეულ ათასობით ადამიანზე, რომლებიც დარეგისტრირებული არიან საარჩევნო ადმინისტრაციებში და ვისაუბრეთ იმ რისკებზე, რაც ახლავს ზოგადად, ამდენი ადამიანის კონცენტრაციას პატარაა საარჩევნო ოლქში.
შესაძლოა, იყოს პრობლემა, როგორც საარჩევნო უბანზე შესაბამისი ფართის არარსებობა, რომ იმდენი ადამიანი დაეტიოს, რამდენი მსურველიც იქნება. განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ადამიანებს შორს გარკვეული კონფრონტაციის რისკიც არსებობს და ჩვენ ამიტომაც მოვუწოდეთ რამდენიმე დღის წინ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ გააკონტროლონ საკუთარი აქტივისტები და მაქსიმალურად ეცადონ, რომ არ მოხდეს შეხლა-შემოხლა, განსაკუთრებით ზუგდიდის ოლქზეა საუბარი. ამ რისკების გააზრება ასევე ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ასევე მათთანაც გვქონდა ჩვენ კომუნიკაცია და ვიცით, რომ მობილიზებული ჰყავთ საკმაოდ დიდი რაოდენობა პოლიციელებისა, რომლებიც საარჩევნო უბნებთან ახლოს იქნებიან და მზად იქნებიან, პრობლემის შექმნის შემთხვევაში, ჩაერთონ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად. რეალურად, კონფრონტაციის, სიტუაციის გამწვავების საკმაოდ მაღალი რისკები არსებობს და იმედს ვიტოვებ, ყველა მხარე გონივრულად მოიქცევა და მაქსიმალურად ეცდება, მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები და ვინც ღირსეული იქნება, იმან უნდა გაიმარჯვოს“, – განაცხადა ნატროშვილმა.