ვაკის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა სახის სამუშაოები ხორციელდება, მათ შორის, ფალიაშვილის N44-ში, შპს „ოკრიბას“ მიერ წყლისა და წყალარინების ახალი, შიდა ქსელი ეწყობა.
პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე დაფინანსდა. აღნიშნული მისამართის მცხოვრებლებს გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოდან გიორგი მუსხელიშვილი შეხვდნენ.
გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება წყნეთში. გზების განახლება 10-ზე მეტ მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის, მაია წყნეთელის I შესახვევში, „გ“ ზონაში, მაია წყნეთელის II ჩიხში კი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე განთავსდება ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო სივრცე და დაირგვება მცენარეები.
„ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს. წყნეთში, გასული წლების მსგავსად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განვაგრძობთ. სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჟამად, 12 მისამართზე ხორციელდება, რაც წყნეთის მოსახლეობისთვის და დამსვენებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დავიწყეთ სკვერის კეთილმოწყობა „გ“ ზონაში. შესაბამისად, ადგილობრივებს ზაფხულისთვის კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე ექნებათ“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.
საგზაო სამუშაოებს წყნეთში შპს „სკინჩი“ და შპს „ლუკრი“ აწარმოებენ, ხოლო სკვერის განახლება კომპანია „ინტერტექნოლოგს“ დაევალა.