სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა არ არის იდეალური, მაგრამ ქვეყნის ისტორიაში ასეთი დამოუკიდებელი და ძლიერი მართლმსაჯულება საქართველოს არ ჰყოლია.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რა პოზიცია აქვს ლევან მურუსიძეს არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებაზე, რომ საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი.
„მათ მიერ წამოყენებულ პრეტენზიას არა აქვს საფუძველი. რა თქმა უნდა, საქართველოში სასამართლო სისტემა არ არის იდეალური, მაგრამ მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოს ისტორიაში ესეთი დამოუკიდებელი და ძლიერი მართლმსაჯულება საქართველოს არ ჰყოლია.
მე მოვუწოდებდი იმ ადამიანებს, ვინც დაინტერესებული არიან და არგუმენტების გარეშე აკრიტიკებენ სასამართლო სისტემას, დავსხდეთ, ვისაუბროთ და გავაერთიანოთ ძალები, რათა დავეხმაროთ სასამართლო სისტემას.
არ მგონია, რომ სასამართლო სისტემისთვის ტალახის სროლა და მისი ლაფში ამოსვრა ვინმეს ინტერესებს შეესაბამებოდეს. აქედან გამომდინარე, სტატისტიკა და პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციების გამოკითხვებიც მეტყველებს, რომ სასამართლო სისტემა მიდის წინ, წინ ძალიან დიდი ნაბიჯებით.
სასამართლო სისტემამ იგრძნო დამოუკიდებლობის ძალა, გემო და ვფიქრობ, რომ ის არ აპირებს, ამ დამოუკიდებლობის გზიდან გადაუხვიოს. ამიტომ, მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც მართლა გულწრფელი ინტერესი აქვს, რომ მართლმსაჯულება კიდევ უფრო განვითარდეს, გავაერთიანოთ ძალები, დავსხდეთ ყველა და თავი დავანებოთ უსაფუძვლო ლანძღვას“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ