საქართველოში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, არ არის ნორმალური, რომ საქართველო ნომერ პირველი იყოს საფრანგეთში თავშესაფრის მომთხოვნთა შორის
როგორც საფრანგეთის შს მინისტრმა აღნიშნა, ამ კუთხით ერთობლივი თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა.
„მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ იმ გამოწვევაზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ისმის, იქნება ეს საქართველოს, თუ საფრანგეთის მოქალაქე. პირველი ეს არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ამ სფეროში.
განსაკუთრებით აღვნიშნავ საკითხს არაკანონიერი ემიგრაციის კუთხით, რადგან საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, ქვეყანა, სადაც არ არის ომი.
ქართველებს შეუძლიათ, იმოგზაურონ ყველგან, მათ შორის საფრანგეთში, მაგრამ ისინი ოცნებობენ ელდორადოზე ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთში და ხშირად მათ არ ხვდებათ ის პირობები, რაზეც ოცნებობენ. ამ გზით თანამშრომლობის ორმხრივი სურვილი გამოიხატა.
საფრანგეთის მოქალაქეებისთვის უკანონო ემიგრაცია არის დიდი თავის ტკივილი. არ არის ნორმალური, რომ საქართველო ნომერ პირველი იყოს საფრანგეთში თავშესაფრის მომთხოვნთა შორის. საქართველში არის დინამური ქვეყანა არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ამ მოთხოვნას არანაირად არ ამართლებს“,- განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა.