დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) მისვლას მალხაზ მაჩალიკაშვილი გეგმავს. ამის
ამასთან, მისი თქმით, თუ შესაძლებლობა იქნება, მოითხოვს, მაგისტრ მოსამართლესთან ერთად დაკითხვას.
„დღეს ვგეგმავ 15:00 საათზე ეგრეთწოდებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას. მომიწევს იმ ადამიანებთან შეხვედრა ისევ და ისევ. რომლებიც პირდაპირ არიან თემირლანის სისხლში ხელებგასვრილი. თუ იქნება შესაძლებლობა, თუ არის ჩემთვის ეს გათვალისწინებული კანონით, მოვითხოვ დამკითხონ მაგისტრ მოსამართლესთან ერთად“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
კითხვაზე, შეიძლება, თუ არა, დღეს დაკავონ, მაჩალიკაშვილის აცხადებს, რომ მას არაფერი დაუშავებია.
„არ შეიძლება. მე სრულებით არაფერი დამიშავებია. ჩემი დანაშაული ის არის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ვეუბნები, თქვრნ ხართ ტერორისტები და მკვლელები, ეს არის ჩემი დანაშაული“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.