დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან კი 74 წელი გავიდა.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
ომის ვეტერანები წელსაც ვაკის პარკში იკრიბებიან და უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს მიაგებენ. ვაკის პარკში მიდიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებიც. იქ მისვლას გეგმავენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ომის ვეტერანებს, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მიულოცავენ. ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს საქართველოს პრეზიდენტიც.
პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანი ერთჯერადად 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპლთა ოჯახის 209 წევრი კი 300 ლარს მიიღებს.