პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი “სუს”-ში მისვლას ხვალ გეგავს.
მისი თქმით ის ბევრად უარესს ამბოდა, რაც “სუს” – მა გამოუქვეყნა.
მალხაზ მაჩალიკაშვლის განცხადებით, რომც დააკავონ, პარლამენტთან აქციებს მისი ოჯახი მაინც გააგრძელებს.
„რომც დამიჭირონ, ჩემს ზურგს უკან დგას ძალიან ბევრი ხალხი. გუშინ ევროპაში ქართველთა და ჩეჩენთა დიასპორა შეიკრიბა. ეს ამათ არ შერჩებათ. რაც სუს-მა გამოაქვეყნა, ამით ისტორიას ძალიან დიდი წერტილი დაუსვა. ამ შეცდომას ვერ გამოასწორებენ. მათ აქვთ არა მარტო ის აუდიო ჩანაწერი, რაც გამოაქვეყნეს, არამედ უფრო უარესი საუბრებიც მქონია. ეს ჩემი ფიქრებია. როცა ესენი მამწარებენ და მამწყვდევენ კუთხეში. ამათ ერთი სიტყვის თქმით – ბოდიშით შეეძლოთ, რომ ეს ცხრა თვე აქ არ გამეტარებინა. ეთქვათ, ბოდიში ბატონო ვახა, მომივიდა შეცდომა“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მისი თქმით, მის ადგილას ნებისმიერი ადამიანი უარეს იტყოდა და განახორციელებდა კიდეც.
„თუმცა მე ამას არ ვაკეთებ და არც გავაკეთებ. მე ამ ქვეყნის შვილი ვარ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მისი თქმით, დუისში სპეცრაზმი ერთადერთი მიზნით მივიდა, მოეკლათ თემირლან მაჩალიკაშვილი.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.