ფაქტი ერთია, მოხდა პრევენცია, რასაც შედეგი არ მოჰყვა, – ასეთი კომენტარი გააკეთა რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
სუბარის განცხადებით, დანარჩენ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
“აქ აშკარად ჩანს – არ ვიცი ეს განზრახვაა, დაგეგმვაა თუ სურვილია, ამას გაარკვევს საგამოძიებო ორგანოები. ფაქტი ერთია, რომ მოხდა პრევენცია, რასაც საბედნიეროდ შედეგი არ მოჰყვა. მაგრამ დანაშაულის შემადგენლობა, სად არის, რა დონეზე ამას უკვე გამოძიება დაადგენს და შესაბამისად, იქნება შემდეგი მოქმედებებიც, ჩვენ ვეღარ ჩავერევით, ეს არის წმინდად გამოძიების და სასამართლოს საქმე”, – აცხადებს სუბარი.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.