მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკითხვაზე 15:00-ზე დაიბარეს. მათივე ცნობით, კომუნიკაცია ადვოკატებთან შედგა.
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე ვერ მივა, რადგან თავად მას აქვს გადაუდებელი პროცესი 15:00-ზე. მისივე ცნობით, მაჩალიკაშვილს ხვალ 11:00-ზე დაკითხავენ.
“იცის სუს-მა, რომ მე გადაუდებელი პროცესი მაქვს აპელაციაში ზუსტად 15:00-ზე. დაიბარეს იმიტომ, რომ დაუმორჩილებლობა გამოიკვეთოს” – განაცხადა კუბლაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის შესახებ საუბრისას დღეს განაცხადა: “სუს-ში დაკითხვაზე მივიდოდი, რომ მცოდნოდა, უწყება ტერაქტის მომზადებაში მადანაშაულებდა”.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.