“9 მაისი ახლოვდება. მორიგი ძიძგილაობის, კინკლაობის, ურთიერთშეურაცხყოფის დაკვირვება მოგვიწევს”, – ამის შესახებ მემარცხენე აქტივისტი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ლორთქიფანიძე აღნიშნავს, პატივს უნდა მივაგებდეთ მილიონამდე ჩვენს თანამოქალაქეს, რომლებიც სხვადასხვა ფორმით მონაწილეობას იღებდნენ მეორე მსოფლიო ომში.
“9 მაისი ახლოვდება. მორიგი ძიძგილაობის, კინკლაობის, ურთიერთშეურაცხყოფის დაკვირვება მოგვიწევს. ერთ მხარეს რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაწესებული “უკვდავთა პოლკის” მსვლელობა მოეწყობა, მეორე მხრიდან კი ლაყე კვერცხებით შეიარაღებული “პატრიოტები” გამოვარდებიან.
სახელმწიფო რომ გვქონდეს, ხელისუფლების წარმომადგენლები და საჯარო ინტელექტუალები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები 9 მაისის ადგილობრივი, “არაველიკოძერჟავისტული”, კონსენსუალური ტრადიციის ჩამოყალიბებას შეუწყობდნენ ხელს. ტრადიცია შემდეგ თეზისებს დაეფუძნებოდა:
ჩვენ უნდა ვამაყობდეთ იმით, რომ მთელ მსოფლიოსთან ერთად უდიდეს ბოროტებას – ნაციზმს ვებრძოდით და უმძიმეს ომში მთელ სამყაროსთან ერთად გავიმარჯვეთ.
ჩვენ პატივს უნდა მივაგებდეთ მილიონამდე ჩვენს თანამოქალაქეს, რომლებიც სხვადასხვა ფორმით მონაწილეობას იღებდნენ მეორე მსოფლიო ომში. ბევრი დაიღუპა, ბევრი გადარჩა, ბევრი მთელი ცხოვრება იტანჯებოდა. ბევრი ნაციზმის შემდეგ ბოლშევიზმს დაუპირისპირდა და ა.შ. მაგრამ ისინი იბრძოდნენ, სიცოცხლეს სწირავდნენ და თავს დებდნენ ჰიტლერის დამარცხებისათვის!
ვინმეს რაიმე ააქვს ამ დებულებების საწინააღმდეგო? საკამათოა ეს თეზისები?
თუ საკამათო არ არის, ხელისუფლება ამ იდეებით უნდა გვაერთიანებდეს 9 მაისს”!- წერს ლევან ლორთქიფანიძე Facebook-ზე.