პანკისში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩლიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე არ მივა. ამის შესახებ ის თავად სოციალურ ქსელში წერს.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხვალ 7 მაისს 11 საათზე სუს-ში დაბარებული ვარ დაკითხვაზე. გამომძიებლის განმარტებით, დაკითხვაზე დაბარება უკავშირდება 2018 წლის მაისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციისას გაკეთებულ ემოციურ განცხადებას. სუს-მა ჯერ კიდევ შაბათს მოულოდნელად მოინდომა ჩემი წაყვანა დასაკითხად და რამდენიმე საათის წინ მომადგნენ კარავში.
ამისთვის დღეს დაიწყო რამადანი, რაც მუსლიმებისთვის უმნიშვნელოვანესი რელიგიურ დღესასწაულია. ამ პერიოდში მუსლიმები ვმარხულობთ და ვლოცულობთ. ვცდილობთ მივუახლოვდეთ ალაჰს და გავიხსენოთ განსაცდელში მყოფი ადამიანები. რამადანს იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული მუსლიმისთვის, რომ ლოცვისა და მარხვის მიზნით ხშირად ყველა სხვა საქმიანობა წყდება და მხოლოდ რელიგიურ რიტუალებს ვასრულებთ.
აქვე უნდა ვთქვა, ის ფაქტიც, რომ რამადანის დროს მუსლიმები დღის განმავლობაში უარს ვაცხადებთ საკვების მიღებაზე, რაც ორგანიზმს ასუსტებს და ლოცვის გარდა სხვა საქმიანობას მიზანშეუწონელს ხდის. რელიგიური მოსაზრებებიდან და ჩემთვის რამადანის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დღეს ჩემმა ადვოკატებმა მიმართეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელს და სთხოვეს დაკითხვის გადადება რამადანის დასრულებამდე, რათა ამ პერიოდში მე შემეძლოს ჩემი რელიგიური ვალის აღსრულება. თუმცა სუს-ის გამომძიებლებმა კატეგორიული უარი განაცხადეს დაკითხვის გადადებაზე და მკაცრად მოითხოვეს რომ ხვალ გამოვცხადდე ამ უწყებაში.
ჩემთვის ისედაც ძალიან რთულია ამ სახელმწიფო უწყებაში მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა, რომლის უპასუხისმგებლო პოლიტიკამ და სპეცოპერაციამ იმსხვერპლა ჩემი 19 წლის შვილი, მაგრამ ამ სირთულეს ყოველთვის ჩემს თავში ვახშობ ხოლმე და როცა მიბარებენ სუს-ში დაკითხვაზე მივდივარ, თუმცა ამჯერად ჩემთვის წარმოუდგენელია მარხვის დროს, როდესაც მე ჩემი შვილის სულისთვის უნდა ვილოცო მივიდე უწყებაში, რომელმაც ის მოკლა და კითხვებს ისე ვუპასუხო თითქოს არაფერი მომხდარა.
სწორედ ამიტომ, ვთხოვეთ სუს-ს დაკითხვის გადადება რაც არ გაითვალისწინეს ამ მცირე დათმობაზეც კი არ წამოვიდნენ. ამიტომ, მე მივიღე გადაწყვეტილება უარი ვთქვა 2019 წლის 7 მაისს დაგეგმილ დაკითხვაზე მისვლაზე და თუ სუს მაინც საჭიროდ თვლის რომ რამადანის დასრულებამდე უნდა დამკითხონ, მათ მოუწევთ ჩემი იძულებით მიყვანა დაკითხვაზე.
ჩემი მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება. მე ბოლომდე დავრჩები სამართლებრივი და მშვიდობიანი პროტესტის მდგომარეობაში, სანამ ჩემი შვილის საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულება არ მიიღწევა. თემირლანი უნდა იყოს ბოლო მსხვერპლი და მე მივაღწევ ამას.
ყველა მუსლიმს ვულოცავ რამადანს, უზენაესმა ალლაჰმა მიიღოს თქვენი მარხვა და სხვა ღვთისმსახურებები. მშვიდობას და სიხარულს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.
აქვე მინდა ყველა ქრისტიანს მივულოცო წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღე და მშვიდობა ვუსურვო მათ ოჯახებს.
პატივისცემით
ვახა მაჩალიკაშვილი” – წერს მაჩალიკაშვილის სოციალურ ქსელში.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია რომ ხვალ 7 მაისს 11 საათზე სუს-ში დაბარებული ვარ დაკითხვაზე. გამომძიებლის განმარტებით…
Gepostet von Vaakh Terloev am Montag, 6. Mai 2019