შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დელიმიტაცია-დემარკაცია პრინციპული საკითხია და ამ თემაზე გარკვეული წლების განმავლობაში იყო პაუზა, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს.
„საკმაოდ ფაქიზი და ფრთხილი საკითხია. საკითხი მძიმედ დგას დაახლოებით 1996 წლის შემდეგ. ეს არის ქვეყნის პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობა. ერთმნიშვნელოვანად ყველას გვესმის, რომ დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი არის პრინციპული საკითხი. ამ თემასთან დაკავშირებით, გარკვეული წლების განმავლობაში, აქ იყო გაურკვეველი პაუზა, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. უახლოეს პერიოდში, ალბათ მთავრობის უახლოეს სხდომაზე დემარკაციის ახალი კომისია იქნება დაკომპლექტებული და ეს სამუშაო დაიწყება ჩვენს მეზობელთან ერთდ. რა თქმა უნდა, კომისია სასწრაფოდ შეუდგება მუშაობას და შესაძლებელ ვადებში, ყველა უნდა ვეცადოთ, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს, რამეთუ ეს არის პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა, რომელიც გრძელდება უკვე ათწლეულებია. ყველას კარგად გვესმის, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ეს არის ჩვენი მოძმე ერი, რა თქმა უნდა, დემარკაციის კომისიის ფარგლებში ჩვენ ერთად გადავწყვეტთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ეხება კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს, ასევე შედის ჩვენი ეკლესიის ინტერესებში. ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
ყველა სხვა სახის შეფასება არის ქვყენის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული შეფასებები, ყველა შეფასება და შედარება, რომელიც იყო რუსეთის ფედერაცია და სხვა მსგავსი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ოკუპანტი, ეს არის რუსეთის ფედერაცია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა სხვა ჩვენი მეზობელი იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამაში არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი პოტენციალი და აქ გარკვეული კითხვის ნიშნებიც კი არა, გაჟღერებული არასწორი განმარტებები, არის მაღალი რისკის შემცველი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას და დასძინა, რომ საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, დავით გარეჯის საკითხი როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდება.