ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მეუფე იობი დავით-გარეჯზე – შეიძლება, ეს გადაიზარდოს რელიგიურ კონფლიქტში

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, აღდგომის ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა.

მეუფე იობის განცხადებით, დავით-გარეჯში მიმდინარე მოვლენები შეიძლება რელიგიურ კონფლიქტში გადაიზარდოს.

“ამ წმინდა მოწამეთა სისხლით გაჟღენთილ მთას და გამოქვაბულებს, დღეს გვართმევენ, ისინი არ უყურებენ მათ თანამემამულეებს, თითქმის, ნახევარი მილიონია, საქართველოში, არ უყურებენ ჩვენს დამოკიდებულებას, ჩვენს ურთიერთობას სახელმწიფოებს შორის. ყველაზე მთავარი მათი ეკონომიკის ერთ-ერთი ძარღვი – გაზი და ნავთობი, გადის ჩვენს ქვეყანაზე. იმდენად დიდ საშიშროებას ქმნიან, რომ შეიძლება, ეს გადაიზარდოს რელიგიურ კონფლიქტში, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. ეს არ იქნება დროებითი კონფლიქტი, ეს იქნება მუდმივი კონფლიქტი.

აზერბაიჯანის ხელისუფლება ასეთი პრინციპით მოქმედებს – იქით შეედავეო, რომ აქეთ დაგრჩესო. გვედავებიან სიწმინდეებს, რომ იქით დარჩენილი ყარაის ველი, ჰერეთი, რომელიც უნდა დავიბრუნოთ და დაგვიბრუნდება ღვთის შეწევნით.

მე გაოცებული ვარ, რატომ ვერ შეძლეს ჩვენმა მესაზღვრეებმა იქით გადასულიყვნენ და დაეცვათ ეს ტერიტორია. პირიქით, ისინი ზემოთ ამოდიან და უკვე მათთვის ეს ადგილი ყოფილა სამხედრო თვალსაზრისით, სტრატეგიული დანიშნულების ადგილი. სიმაღლეები არის და ფაქტობრივად, ეს რისთვის სჭირდება ამ მესაზღვრეებს, აზერბაიჯანის მხარეს? სჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ გაგვაკონტროლონ იქით. თვალში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, მუსულმან ქვეყნებზე, რომ ჩვენი მეგობრები და ჩვენი ძმები არიან. ეს იცით, რას ნიშნავს, რომ ქრისტიანმა თქვას, რომ ეშმაკის მიმდევარი და ეშმაკის მსახური ჩვენი მეგობარია. მათზე არის სულიერი დამღა მუსულმანობის და ისტორიული მეხსიერება ჩვენ არ გვღალატობს და გვახსოვს, რომ ყოველთვის განსაცდელები ასეთი ქვეყნებიდან მოდიოდა. ტაო-კლარჯეთი თურქეთში, ყარაის ველი და ჰერეთი აზერბაიჯანში, ლორე-ტაშირი სასომხეთში, სოჭი, აფხაზეთი, ახლა სამაჩაბლო რუსეთის მხრიდან ოკუპირებულია”, – აცხადებს იობი.

მისივე თქმით, იმედია, გონიერება ეყოფა ორივე მხარეს, მშვიდობიანად გადაწყდეს ყოველივე.

გონიერება ეყოფათ, როგორც აზერბაიჯანის მხარეს, ისე საქართველოს ხელისუფლებას და მოლაპარაკების მაგიდაზე მშვიდობიანად გადაწყდება ყოველივე ის, რაც ჩვენ წინაშე ასეთი გამოწვევა დადგა. ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა შეიწიროს თქვენი აქ მობრძანება. ვფიქრობ, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათი უნდა დაწესდეს გარეჯელ მამათა ხსენების დღედ და ყოველ წელიწადს, როგორც დღეს ჩვენ მთელი სამღვდელოებით მოვედით, შეუძლია სხვა ეპარქიებსაც მოვიდნენ. შეიძლება მორიგეობაც დაწესდეს. წლების მიხედვით მღვდელმთავრები მობრძანდნენ და ჩაატარონ საზეიმოდ ეს დღესასწაული, ვაჩვენოთ მათ, რომ ეს არ არის მიტოვებული ადგილი, აქ მოქმედი მონასტერია, წირვა-ლოცვები აღესრულება“, – განაცხადა მეუფე იობმა.

იტვირთბა....