ბლოგები საზოგადოება

ეკლესია – “ოჯახის სიწმინდის” ნაირსახეობანი (ბლოგი)

17 მაისი, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე… დღე, როდესაც პროგრესული მსოფლიო, მთელი თავისი შემადგენლობით, ადამიანებს სოლიდარობას უცხადებს!.. სოლიდარობას უცხადებს ადამიანებს, რომელთაც ვერ ვუცხადებთ ისინი, ვინც პროგრესულები ჯერ კიდევ მაშინ ვიყავით, როცა “ფრანგ-გერმანელ-ინგლისელები ტყეში კეტებით დარბოდნენო!” – გვიყვარს ამის ასეთი მედიდურობით გამეორება და იმას ვერ ვათვითცნობიერებთ, რომ დღეს ყელმოღერებულნი და ენაზე ნერწყვმომდგარნი ამ სიტყვებს თავად ტყეში მყოფნი გავიძახით.

“ჰომოფობია”… პრეფიქსი სულ რომ ყურადღების მიღმა დავტოვოთ, მხოლოდ ფობიასთან ბრძოლაც ამართლებს ბრძოლასაც და მის ზარ-ზეიმით აღნიშვნასაც… მხოლოდ ზიზღთან, შიშთან, სიძულვილთან ბრძოლაც ამართლებს მისთვის დაწესებული საერთაშორისო დღის აღნიშვნას და სასაცილო იქნებოდა, სამწუხარო რომ არ იყოს, იმის ხილვა თუ როგორ ცდილობს საზოგადოების სულიერ შემადგენელზე პასუხისმგებელი მისი ნაწილი საზოგადოების სულიერებისვე ზიზღით, შიშითა და სიძულვილით შევიწროვებას.

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის “საპირწონედ” ოჯახის სიწმინდის დაცვის დღის “აწყობა” ნებისმიერი საღად მოაზროვნისთვის ღიმილისმომგვრელია… ღიმილისმომგვრელია იმდენად, რამდენადაც მის ხელოვნურ-პლასტმასურობას ხედავს… ხედავს იმას, თუ როგორ სხედან მხცოვანი წვეროსანი ბაბუები და ფიქრობენ რა დაუპირისპირონ მოვლენას, რომელიც “საეკლესიო წესდებაში” არ ჯდება, შესაბამისად მათი ძალაუფლების შესუსტების რეალური პოტენციალი გააჩნია და ესე იგი საშიშია. ეს დაახლოებით იგივეა ბავშვთა საერთაშორისო დღის ალტერნატივად “დამჯერ ბავშვთა დღე” რომ დავაწესოთ.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ერთი ფრიად მნიშვნელოვანი დილემის წინაშე დგას. მას თავის რიგებში თანამედროვე იდეალისტები, განახლებული მსოფლმხედველობის მქონე მსახურები არ ჰყავს. საქართველოს ეკლესია განვითარებას, კიბეზე მაღლასვლას საჭიროებს.

უწყვეტ ტრიალში და ზრდაში მყოფ სამყაროში მისი საიდუმლოების ამოხსნისთვის მოწოდებული ეს ორგანიზაცია და ხალხი გაშეშებულები მისჩერებიან წერტილს, რომელშიც იშვნენ და კამეჩის სიჯიუტით არ სურთ თვალი მიმოავლონ გარემოს, რომელიც არაფერს ემორჩილება ბუნების თავისუფალი კანონების გარდა, კანონების, რომელთაც დოგმებით ვერ დავაბამთ.

ცვლილებას განიცდის ყველაფერი! თვით ისეთი კონსტანტა, როგორადაც ჩვენ ღმერთი წარმოგვიდგენია ცვალებადია!.. თუ ღმერთს წარმოვიდგენთ როგორც ერთ-ობას, ერთ მთლიანს, ყველაფრის მომცველობას, მაშინ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ყველა საგანი, მატერიალური თუ არამატერიალური, მისი სხეულია და მათი ცვალებადობაც შესაბამისად მის ცვალებადობას განაპირობებს.

რაც არ უნდა ვეცადოთ ღმერთის ხელნაწერებსა და ქვის სახლებში გამოკეტვას, ის მაინც დაგვისხლტდება და სულიერ-გონიერების ზრდის პარალელურად ზრდას არ შეწყვეტს. ღმერთი გვასულდგმულებს და ჩვენით (შესაბამისად თავისით) სულდგმულობს… ჩვენი სახით თვითგანვითარებას ეწევა და ეძლევა, დრო და დრო გამოეყოფა რა თავის თავს დროისა და მატერიის ურთიერთჰარმონიულობად.

იქ, სადაც სულიერება დომინირებს, ადგილი არ აქვს სიძულვილს, აგრესიას… ადგილი არ აქვს შიშს! საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე როგორც სხვა, ტრადიციაში გამყარებულ-გაქვავებული ინსტიტუტები, ძალაუფლების დაკარგვას უფრთხის… ეშინია და შესაბამისადაც იქცევა. იქცევა ისე, როგორც ყველა დამფრთხალი ორგანიზმი – თავს იცავს სიძულვილით, თავს ესხმის აგრესიით.

ღმერთი სიყვარულიაო! – იტყვის მავანი და ყველანი დავეთანხმებით, ოღონდ… ცოტას თუ გამოსდის ამ სიტყვების გრძნობად და ქმედებად გარდაქმნა.

ადამიანი, რომელიც თავის სიცოცხლეს სიყვარულის მსახურებას უძღვნის არ (ვერ) უნდა ავლენდეს აგრესიას… იმ მბრუნავ და მზარდ სამყაროში, ღმერთში, ისეთ უმნიშვნელო რამეს როგორებიცაა ეროვნება, კანის ფერი, სექსუალური ორიენტაცია თუ პოლიტიკური შეხედულება, არ უნდა ენიჭებოდეს მნიშვნელობა, რომელიც სიკეთისთვის მოწოდებულს გაგაბოროტებს.

ჩვენ ჯერაც ვერ გაგვირკვევია ბოლომდე რა არის მართლა სიკეთე და რა არის მართლა ბოროტება… ჯერაც ვერ გაგვივლია მათ შორის მკაფიო ზღვარი და ამ დროს სკამებით დავსდევთ იმას, რაც ერთმნიშვნელოვნად უბოროტოა… არ არის ეს კარგი!.. ათმაგად ცუდია როცა ამის მაგალითს სიკეთისა და სიყვარულისთვის მოწოდებული ადამიანი იძლევა.

დღესასწაულების, ადამიანების ერთმანეთზე გადამტერება… განა შეიძლება ღვთისმოსავ თავში ასეთი იდეა იშვას?!

ვასო შონია

იტვირთბა....