საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 1-ლი მაისი მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც სიმბოლურად დასაქმებულების მიერ გაწეულ შრომის მნიშვნელობას და ღირსეული სამუშაო პირობების აუცილებლობას უსვამს ხაზს.
ორგანიზაციის შეფასებით, ადამიანის მიერ შრომის თავისუფლების სრულყოფილი რეალიზაცია განაპირობებს კონკრეტული პირის თუ ქვეყნის სოციალურ კეთილდღეობას, თუმცა, საქართველოში ბოლო დროს განხორციელებული დადებითი საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, შრომის თავისუფლების სათანადო დაცვის აუცილებლობა კვლავ არ არის სათანადოდ გააზრებული პოლიტიკის დონეზე.
“პირველ რიგში, აღსანიშნავია საშიში პირობების შემცველ სამუშაოზე დასაქმებული პირების მდგომარეობა, რომლებიც ფიზიკური დაზიანების თუ სიცოცხლის მოსპობის წინაშე ყოველდღიურად დგანან. შრომის ინსპექტირების მექანიზმის შექმნის მიუხედავად, საწარმოო ტრავმით დაზარალებული ადამიანების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს. სახელმწიფოს მხრიდან ამ პრობლემის სათანადო გაუაზრებლობაზე კი იმ კანონის ამოქმედების გადავადება მეტყველებს, რომელიც ინსპექციის მანდატს აძლიერებს და მას ნებისმიერი სახის დასაქმების ადგილის სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე შემოწმების შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, პრობლემურია, რომ ინსპექციის მანდატი არ ვრცელდება ყველა სახის შრომით უფლებაზე და მხოლოდ უსაფრთხოების ელემენტს შეეხება. ასევე, აუცილებელია შრომის ინსპექციის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, მისი გაძლიერება ადამიანური და ფინანსური რესურსით.
საკანონმდებლო რეგულაციების მიღმა, კომპეტენტური სახელმწიფო უწყებები კერძო დამსაქმებლებთან სათანადოდო არ ადვოკატირებენ უსაფრთხოების წესების აუცილებლობის დაცვის შესახებ და, რიგ შემთხვევებში, ირიბად ხელს უწყობენ საპირისპირო ქმედებას, რაც შრომის უსაფრთხოების პირობების შედეგად მომხდარი ფატალური შემთხვევების უმრავლესობის არაეფექტიან გამოძიებაში გამოიხატება.
ასევე, სიმპტომურია ბოლო დროს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების გაფიცვის შემთხვევები, როდესაც ყველაზე დაუცველ დასაქმებულთა ჯგუფებმა მძიმე სამუშაო პირობების შესახებ საუბარი გადაწყვიტეს. შემთხვევები შეეხებოდა, როგორც კერძო და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მართულ ორგანიზაციებს, ასევე სახელმწიფო უწყებებს. მათ შორის იყვნენ სოციალური მუშაკები, მეტროს მემანქანეები, გორის წისქვილკომბინატის და ელმავალმშენებელი ქარხნის დასაქმებულები. გაფიცულები, მათ შორის, მოითხოვდნენ, ხელფასების მომატებას, გაუცემელი ხელფასების მიღებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, გასაწევი სამუშაოს ადამიანურ რესურსთან შესაბამისობას და სხვა.
ამასთან, პერიოდულად ვლინდება პოლიტიკური მოსაზრების გამო საჯარო მოხელეების შრომითი უფლებების შეზღუდვის, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები, რომელიც განსაკუთრებული სიმწვავით წინასაარჩევნო პერიოდებში იჩენს თავს.
პრობლემურია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და მათი ერთიანი შრომითი ბაზრის სრულყოფილ წევრებად ქცევის საკითხი. დღეს ჯერ კიდევ ბევრი ქალი ასრულებს საშინაო თუ სხვა სახის სამუშაოს, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკის მიღმაა და, შესაბამისად, არ წარმოჩინდება, როგორც ქალის მიერ დაგროვილი კაპიტალი. ამასთან, ბოლო პერიოდში გამოვლინდა პროფესიულ ურთიერთობებში ქალების მიმართ ჩადენილი სექსუალური შევიწროების ფაქტები, რაც ქალთა მიერ შრომითი უფლებების აქტიურ რეალიზაციას კიდევ უფრო აფერხებს.
კრიტიკას ვერ უძლებს ლგბტ+ თემის წევრების, განსაკუთრებით კი, ტრანსგენდერი ადამიანების დასაქმების პრობლემა, რომელთათვის ღირსეულ სამუშაოს მოძიება განსაკუთრებით პრობლემურია.
ძალიან დაბალია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ შრომითი უფლებების განხორციელების ხარისხი. მათი დასაქმების ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი კი, არასათანადოდ მოწყობილი ფიზიკური გარემოა. დისკრიმინაციის ფორმა – უარი გონივრულ მისადაგებაზე, რაც პირისთვის, მათ შორის, სამუშაო ადგილის მისი საჭიროებების მიხედვით მოწყობის ვალდებულებას გულისხმობს, საქართველოს კანონმდებლობით ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული.
შრომითი უფლებების გარანტირება, საქართველოში, ადამიანის უფლებების დავის მხრივ, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ვლინდება. სახელმწიფო დონეზე შრომის ერთიანი პოლიტიკის არარსებობა და შრომითი უფლებების გარანტირების მნიშვნელობის სათანადოდ გაუაზრებლობა უარყოფით ეფექტს ახდენს რიგითი დასაქმებულის სოციალურ დაცვასა და სტაბილურობაზე, რაც, თავის მხრივ, დამაზიანებელია სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
ამავე თემაზე: მთავრობის ადმინისტრაციასთან საპირველმაისო მანიფესტაცია იმართება [LIVE]