ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

7-16 მაისს თბილისი სტუდენტურ ფესტივალს უმასპინძლებს

თბილისი 7-16 მაისს, სტუდენტურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყველა საუნივერსიტეტო ქალაქს გააერთიანებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ 10-დღიან სტუდენტურ ზეიმში მონაწილეობას საქართველოს 36 უნივერსიტეტი მიიღებს.

კახა კალაძემ პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მადლობა გადაუხადა.

„ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქიდან. რეგიონებიდან ჩამოვლენ სტუდენტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სტუდენტური სივრცე დიღომში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა და მონაწილე უნივერსიტეტების სპორტულ გუნდებსა და შემოქმედებით ჯგუფებს უმასპინძლებს. მისასალმებელია მსგავსი პროექტების განხორციელება. მსურს, მადლობა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, განსაკუთრებით, პრემიერ-მინისტრს. რომ არა მათი მხარდაჭერა, ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. ერთიანი ძალისხმევით, გვაქვს შესაძლებლობა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 36 უნივერსიტეტის სტუდენტებს ვუმასპინძლოთ და მივცეთ საშუალება, ზეიმი მოაწყონ. ამ ათი დღის განმავლობაში, იქნება ჩემპიონატები სპორტის რამდენიმე სახეობაში და კონკურსები კულტურულ-შემოქმედებით მიმართულებებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფესტივალის ფარგლებში, ასევე, განხორციელდება არასაკონკურსო აქტივობები ინოვაციების, კულინარიის, კრიკეტის, სპორტის ექსტრემალური სახეობების მიმართულებით.

იტვირთბა....