ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დავით გარეჯის მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა, რომ სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა არა ამოწურული
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კარგად იმუშავა და კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემა გადაწყვეტილია.
„პერიოდულად ასეთი პრობლემები თავს იჩენს და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გარკვეულ დღესასწაულებს ემთხვევა. პრობლემა რამდენიმე საათში აღმოიფხვრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამოწურულია. კომისიებმა, რომლებიც დელიმიტაციის საკითხზე მუშაობენ, უნდა გააგრძელონ მუშაობა და შედეგი უნდა ვნახოთ. ეს არის გამოსავალი, რაც ასეთი ცუდი შემთხვევის პრევენციას მოახდენს“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ.
როგორც არქიმანდრიტმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მდგომარეობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა.
„სალომე ზურაბიშვილი „ევროპა ნოსტრას“ ფარგლებში, აზერბაიჯანის სახელმწიფოს სამ წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა გარეჯის მონასტრებში, დაათვალიერა აქაურობა, ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიდიოდა. ამიტომაც ვერ ვგებულობ ყარაეთელი მესაზღვრეების უფროსის განმარტებას, თითქოს უფროსობამ დასჯა დაუპირა იმის გამო, რომ თურმე არ იცოდა მონასტერში საქართველოს პრეზიდენტი თუ იმყოფებოდა. ამანაც, კარიერა მენგრევაო, ადგა და საზღვარი ჩაკეტა.
შეიძლება ასე ყველამ თავზე გადავლა დაგვიპიროს და ჩვენ რეაქცია არ გვქონდეს? მაშინ რაღა სახელმწიფოა საქართველო? მე ვერ გამოვდივარ მონასტრიდან, რომ უშუალოდ მივაკითხო თანამდებობის პირებს და ვკითხო გულგრილად რატომ უყურებენ იმას, რაც ახლა გარეჯის უდაბნოში ხდება, ამიტომაც როგორც ყოველთვის, მედიის და საზოგადოების აქტიურობის იმედი მაქვს“, – განმარტა არქიმანდრიტმა კირიონმა.
ამ თემაზე “მეტრონომს” ექსპერტი მამუკა არაშეძე ესაუბრა