ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მამუკა არეშიძე: რუსეთი დონეცკსა და ლუგანსკში აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამოყენებულ მეთოდოლოგიას იმეორებს

„აპრობირებული მეთოდია, საქართველოს წინააღმდეგ არაერთხელ გამოყენებული“, – ასე აფასებს ექსპერტი, მამუკა არეშიძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების თაობაზე.

არეშიძის შეფასებით, რუსეთი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამოყენებულ მეთოდოლოგიას იმეორებს.

„აპრობირებული მეთოდია, საქართველოს წინააღმდეგ არაერთხელ გამოყენებული, ჩვენი საზოგადოების ბევრმა წევრმა არ იცის, რომ არამარტო აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ხდებოდა ამ პასპორტების გაცემა, ნახევრად საიდუმლოდ, აჭარის და ყაზბეგის რაიონის მოსახლეობისთვისაც გაიცემოდა. განსაკუთრებით, 2003 წელს, მაგრამ მასიური სახე ვერ მიეცა. ამასობაში დაიწყო ჯარის გაყვანის პროცედურა აჭარიდან, ყაზბეგის რაიონში კი არ აღმოჩნდა ამდენი მსურველი და ვერ წავიდა ის პროცესი. სამაგიეროდ, ჯავახეთში წავიდა კარგად და დღეს ჯავახეთის ბევრ მაცხოვრებელს სომხური ან რუსული პასპორტები აქვს. საქართველოს ბევრი სხვა რეგიონის მცხოვრებლებსაც აძლევენ რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით, მოქმედებს კანონი, რომელიც საბჭოთა კავშირში დაბადებულებს გამარტივებული წესით აძლევს რუსეთის მოქალაქეობას. საქართველოში ცხოვრობს ბევრი ჩუმი რუსეთის მოქალაქე, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ასეა“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ და დასძინა, რომ უკრაინაში მეორდება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მეთოდოლოგია.

შეკითხვაზე, უნდა ელოდეს თუ არა უკრაინა რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენებას, მამუკა არეშიძემ გვიპასუხა, რომ დონეცკსა და ლუგანსკში მყოფი მებრძოლების ნახევარი რუსული სამხედრო კონტიგენტია.

„დონეცკზე და ლუგანსკზე ვრცელდება ეს რეგულაციები, რომელსაც პუტინმა მაწერა ხელი. იქ მყოფი მებრძოლების ნახევარი რუსეთის სამხედრო კონტიგენტია, მეტი რა ძალა უნდა გამოიყენოს, კიევს ვერ აიღებს, ამის საშუალებას არ მისცემს დასავლეთი. რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ მაქსიმალურად შეავიწროვოს უკრაინა, აზოვის ზღვა პრაქტიკულად ჭაობად უქცია, იმიტომ რომ არ ატარებს უკრაინულ გემებს. ანალოგიურის გაკეთებას შეეცადა და გააკეთა კიდეც ბალტიისპირეთში, განსაკუთრებით, ლატვიაში. ბალტიისპირეთის ხელისუფლებების მიდგომა იყო, რომ ვინც არ იცოდა ადგილობრივი ენა , მოქალაქეობას ისედაც არ აძლევდა და ვინც არ იცოდა ადგილობრივი ენა იმან მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. ყაზახეთში რატომ ხდება რუსების შევიწროება? ყაზახეთის მოსახლეობას დაურიგდა რუსული პასპორტები,  ყაზახეთის ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის უახლოესი მოკავშირეა,  მაინც დაიწყო შევიწროება ასეთი მოქალაქეებისა და ათეულ ათასობით რუსი იძულებული გახდა, ბოლო პერიოდში, წასულიყო ყაზახეთიდან. ეს არის რუსეთის ხელისუფლების ხელწერა. და პრაქტიკულად, აპრობირებული მეთოდია.

ამ მეთოდოლოგიით ზოგიერთი სხვა ქვეყანაც მოქმედებს. იგივენაირად იქცევა აშშ , თურქეთი.,. სადაც სჭირდებათ ამას აკეთებენ. ჩვენთანაც შეინიშნება უბრალოდ არ ჩანს.

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას არ აკეთებს, არის აზერბაიჯანი საქართველოს აზერბაიჯანელ მოსახლეობას თავის მოქალაქეობას არ აძლევს, აქ სხვა მიზანი მუშაობს, საკმარისია, მათ მიიღონ მოქალაქეობა, ყველა გადასახლდება აზერბაიჯანში. ამიტომაც არ აძლევს და ბევრი აზერბაიჯანელი არის რუსეთის მოქალაქე“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისი თქმით, უკრაინელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით გაცემა დაწყებული იყო ვლადიმერ ზელენსკის გაპრეზიდენტებამდე.

„რუსეთი დიდ ყურადღებას აღარ აქცევს ვინ იქნება პრეზიდენტი. რადგან ხედავენ, რომ უახლოესი მოკავშირეებიც ექსტრემალურ სიტუაციებში განწყობას იცვლიან. როგორც გააკეთა ნაზარბაევმა, ლუკაშენკომ. ამიტომ თავის გეგმა აქვთ შედგენილი და ამ გეგმით მიდიან“, – ამბობს არეშიძე.

იტვირთბა....