პანკისის ხეობაში ჰესის მშენებელი კომპანია „ფერის“ დირექტორის, ლაშა იორდანიშვილის განცხადებით, კომპანიამ სამუშაოები პანკისის ხეობაში იმიტომ დაიწყო, რომ ყველა კითხვა ამოწურულად მიიჩნია.
მისი განცხადებით თავდაპირველად ადგილზე მხოლოდ საპატრულო პოლიციის ოთხი ეკიპაჟი იყო.
„როდესაც დავიწყეთ სამუშაოები, ჩავთვალეთ, რომ ამოწურული იყო ყველა კითხვა. რამდენიმე დღით ადრე იყო ჩასული დიდი დელეგაცია – მინისტრებით, გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსით, ჰიდროლოგიური სამსახურის უფროსით, წყალმომარაგების კომპანიის უფროსით. სავსე დარბაზში მათ იკითხეს, თუ არსებობდა რამე კითხვა. ჩავთვალეთ, რომ არ იყო კითხვები. სწორედ ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეწყო სამუშაოები“, – აცხადებს იორდანიშვილი.
„ფერის“ ხელმძღვანელმა იმ სოციალურ პროექტებზე ისაუბრა, რასაც კომპანია მოსახლეობას სთავაზობდა.
„არაერთ სოფელსა და ასეულობით ოჯახს დავპირდით სოციალურ პროექტებს და მათ შორის იყო სასმელი წყლის პროექტის განვითარება. არის ასეულობით ოჯახი, რომელსაც სასმელი წყალი დღესაც არ მოეწოდება. ვიმუშავეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე, ხეობისთვის ფონდის შექმნაზე, რომელშიც ყოველ წელს 120 ათასი ლარი შევიდოდა. იყო საუბარი ასევე ბირკიანისთვის და ძიბახევისთვის ცალკე ფონდის შექმნაზე, სხვადასხვა ტიპის ვალდებულებების აღებაზე. მივცემდით სრულ უფლებას, გამოეყენებინათ ყველა ადგილი, რომელიც მუდმივ ან დროებით სარგებლობაში იქნებოდა ჩვენთვის გადაცემული – გარდა შენობისა, რომელიც რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრია. ასევე, საუბარი იყო არსებული გადამცემი ხაზის გადატანაზე, რაც რამდენიმე მილიონი ლარი ჯდებოდა, ეს არ უკავშირდებოდა ამ პროექტს“, – განაცხადა იორდანიშვილმა.
„ფერის“ დირექტორის განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობას მცდარ ინფორმაციას ადამიანთა ჯგუფი აწვდის, რომელიც საქართველოში ყველა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგება.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.
დაშავებულები ამ დრომდე მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადიან.