ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს 75 სხვადასხვა პროექტი დაუფინანსდა

ვაკის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს სხვადასხვა მისამართზე 75 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა.

ამხანაგობების განაცხადების საფუძველზე, განხორციელდა სხვადასხვა სახის სამუშაოები – წყალარინების, სახურავების, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია, ასევე, ლიფტების განახლება, სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები, საერთო სარგებლობის კიბეებისა და კარის შეკეთება.

„ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას. შესაბამისი პროგრამის არსებობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამხანაგობის საერთო ქონების განახლებაზე ვიზრუნოთ. მიმდინარე წელს უკვე საკმაოდ ბევრი პროექტი განხორციელდა. განაცხადების საფუძველზე და გამგეობის ბიუჯეტის გათვალისწინებით, სხვადასხვა სახის პროექტის დაფინანსება – სახურავების, ლიფტების რეაბილიტაცია, წყალარინების ქსელების განახლება, სართულშუა ნაპრალების ამოვსება და სხვა სახის სამუშაოები გრძელდება. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ამ პროექტების დაფინანსების შედეგად, ამხანაგობები საერთო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას უკვე იყენებენ და დამატებით, სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებენ“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ.

ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები 37 მისამართზე დასრულებულია. კერძოდ, უკვე გამოიცვალა 13 სახურავი, შვიდ მისამართზე დამონტაჟდა ახალი წყალსაწრეტი მილები, წყალარინების შიდა ქსელი სამ მისამართზე განახლდა, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია განხორციელდა ერთ მისამართზე, ლიფტი განახლდა ოთხ მისამართზე, საერთო სარგებლობის კიბის სამი პროექტი დასრულდა, სადარბაზოს შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ექვს მისამართზე განხორციელდა.

იტვირთბა....