ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი, ქალების უფლებების დაცვით მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. სანდრა რულოვსმა მათგან ის გამოწვევები და პრობლემები მოისმინა, რომლებიც ქალებს ზუგდიდსა და სამეგრელოს რეგიონში აქვთ.
მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მთავარ პრობლემად კვლავ ოჯახში ძალადობა რჩება. ასევე გამოწვევებია რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებითაც. სანდრა რულოვსის თქმით, ზუგდიდში ამ საკითხზე მუშაობას გეგმავს.
„ოჯახური ძალადობა მთავარ გამოწვევად რჩება, ასევე სექსუალური შევიწროება, აბორტი. ხშირად რეპროდუქციული ჯანრთელობის მიმართულებითაც გვხვდება პრობლემები, რაც ჩემი დარგია და ვაპირებ, ზუგდიდში ამ მიმართულებაზე ყურადღება გავამახვილო. შეხვედრაზე ითქვა ისიც, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება აფხაზეთს, ბევრი ქალი სერვისების მისაღებად სწორედ ზუგდიდში ჩამოდის და სწორედ ამიტომ ზუგდიდი უნდა იყოს უფრო ძლიერი სხვა რეგიონალურ ქალაქებთან შედარებით, რადგან ის მეტად დაიტვირთება აფხაზეთიდან ჩამოსულ ქალებზე“, – განაცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა.
სანდრა რულოვსი ამბობს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროს ზუგდიდში გაატარებს, სადაც მისი თქმით, უკვე ცხოვრობს და იმედი აქვს, ოჯახის ყველა წევრი შეუერთდება.
„დღეს ვბრუნდები და საღამოს პედაგოგებთან შეხვედრა გვაქვს ჩანიშნული. ეს სამი-ოთხი კვირა ვიქნები ზუგდიდში. საერთოდაც, ზუგდიდელი გავხდი, იქ ვცხოვრობ და იმედია, ოჯახის ყველა წევრი შემომიერთდება და ზუგდიდში ვიცხოვრებთ“, – აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
შეგახსენებთ, რომ არჩევნები 19 მაისს გაიმართება.