ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სკოლების ინფრასტრუქტურის დასავლურ სტანდარტზე აყვანას სულ მცირე შვიდი მილიარდი ლარი სჭირდება” – ბატიაშვილი

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, რომ საქართველოს მასშტაბით სკოლების ინფრასტრუქტურა დასავლურ სტანდარტზე რომ ავიდეს, სულ მცირე გათვლებით შვიდი მილიარდი ლარია საჭირო.

„წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები არის ყველა მიმართულებით. მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ სკოლების ინფრასტრუქტურა დასავლურ სტანდარტებამდე რომ მივიდეს, მინიმალური გათვლებით, შვიდი მილიარდი ლარი სჭირდება. ეს რაც შეეხება მხოლოდ ტექნიკურ პრობლემას, ამის გარდა, მოსაგვარებელია პედაგოგების მატერიალური მდგომარეობის პრობლემა. ამაზე თუ არ ვიზრუნეთ, ძალიან რთული იქნება ჩვენს წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტა“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანი პრობლემების რიცხვში შედის სკოლამდელი განათლება, უმაღლესი სასწავლებლების ხარისხი და რეგიონებში პროფესიულ სასწავლებლებზე ხელმისაწვდომობაც, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა.

„პროფესიული მიმართულება ძალიან პოპულარული ხდება. ბევრი ირჩევს პროფესიულ მიმართულებას და ჩვენი მიზანია, ყველა რეგიონში გავზარდოთ პროფესიული სასწავლებლების რიცხვი“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

ბატიაშვილი თვლის, რომ საქართველოს ინიციატივა, თავისი მშპ-ის ექვსი პროცენტი განათლებას მოახმაროს, ქვეყანას მსოფლიო ათეულში შეიყვანს.

„ეს ციფრი მართლაც უპრეცედენტოა. საქართველო მსოფლიო ათეულში იქნება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მშპ-დან ასეთ დიდ პროცენტს გამოყოფენ განათლებისთვის“, – განმარტა ბატიაშვილმა.

იტვირთბა....