ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კავკასიური სახლი: როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ გავლენიანი ნაწილი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს, მართლაც აგონიაშია

“როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ გავლენიანი ნაწილი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს, მართლაც აგონიაშია და ეს აგონია სულ უფრო დამღუპველი ხდება ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ ნათქვამია “კავკასიური სახლის” განცხადებაში, რომელიც პანკისში, 21 იანვარს მომხდარ შემთხვევას ეხება.

“კავკასიური სახლი სოლიდარობას უცხადებს პანკისელ, სვან, ლეჩხუმელ, აჭარელ პატრიოტებს, “რომლებიც საკუთარი ძალებით იბრძვიან მშობლიური კუთხეებისა და ამდენად, მთელი საქართველოს გადასარჩენად”!

„კავკასიური სახლი“ აპროტესტებს „ქართული ოცნების“ მიერ პანკისის აწიოკებას: იქ სპეციალური რაზმების შეყვანას, ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებას, მოსახლეობის მასიურად მოწამვლასა და დარბევას! ჩვენ ვგმობთ ამ აღვირახსნილ ძალადობას!
როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ გავლენიანი ნაწილი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს, მართლაც აგონიაშია და ეს აგონია სულ უფრო დამღუპველი ხდება ქვეყნისთვის.
პარლამენტში წარმოდგენილი მილიონერთა კლასი და მთავრობაში განფენილი ბიზნესჯგუფები საქართველოს დედაქალაქსაც და რეგიონებსაც, ჩვენს უნიკალურ ბუნებას (რომლის მეტი, მათი წყალობით, აღარაფერი დაგვრჩა) თავიანთი უსასრულოდ გაზრდილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებად განიხილავენ და სხვა არაფრად.
ამ თვალსაზრისით, ქვეყნისთვის ყველაზე საშიში ის ე.წ. ენერგეტიკული პოლიტიკა იქცა, რომელიც წინა ხელისუფლებამ წამოიწყო და „ქართულმა ოცნებამ“ გააათმაგა; პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ლამის ყველა მდინარისა და შენაკადის გაყიდვა-დაგუბება -მოსპობას ითვალისწინებს.
პარლამენტში გაჩაღებული ღრიანცელით, გაუთავებელი შეხლა-შემოხლით, ტელევიზათა ტრადიციული კორიდებითა და სხვა საშუალებებით იჩქმალება მთავარი ისტორიული დანაშაული: საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების მზარდი გაჩანაგება ფინანსური კლანების მიერ „აღმშენებლობისა“ და „ეკონომიკური პროგრესის“ სახელით !
დიდი ხანია, ჩვენი მოქალაქეების პროგრესული ნაწილი, მიუხედავად მასობრივი უმუშევრობისა და სიღატაკისა, დაღლილობისა და გამოფიტვისა, რაც თავს დაგვატეხეს წინა და ახლანდელმა ხელისუფლებებმა, – აპროტესტებს საქართველოს მდინარეების გაყიდვასა და დაგუბების გეგმას, ბუნების მომსპობი, უზარმაზარი, ხიფათების შემცველი გიგანტური ჰესების მშენებლობას! მაგრამ აგონიაში მყოფი, მატყუარა „ოცნება“, თავისი სიძაბუნისა და ეკოლოგიური გაუნათლებლობის დასაფარავად სულ უფრო ხშირად მიმართავს არაპროპორციული ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რომელიც თავის საცხოვრისს: თავისი შვილების სიცოცხლეს, თავის სახლკარსა და ბუნებას იცავს მისი მსახვრელი ხელისაგან.
რამდენიმე თვის წინ სპეცრაზმი შეიყვანეს გმირ სოფელ ხაიშში, რომელიც უკვე 30 წელია ებრძვის ტექნოკრატიულ ტერორს და არ ანებებს სვანეთის წყალში ჩაძირვას.
დღეს კი, ბზობას, დიდ ქრისტიანულ დღესასწულზე მთელი პანკისი დააწიოკეს (რაც ბუნების ცნობილი მტრის, ჩლუნგი და მტაცებლური ტექნოკრატიის დედოფლის ქ-ნ თურნავას ეკონომიკის მინისტრად „აღსაყდრებას“ უნდა უკავშირდებოდეს).
„ქართულო ოცნებავ“ ! კარგა ხანია, ხალხი ყველანაირი ოცნებების სამარედ აღგიქვამს!
შენ უკვე ისტორიული დამნაშავე ხარ! ბავშვების მასობრივი შიმშილისა და სიკვდილიანობის გამო! ყოვლად დაუცველი მეშახტეებისა და მუშების მასობრივად მოსპობის გამო! იმის გამო, რომ ყველანაირად ხელს უწყობ ახალგაზრდების გადაკარგვას საკუთარი სამშობლოდან! საყდრისის გამო! ზნეობრივი და სამართლებრივი პრინციპების ფუნდამენტური გამრუდების გამო!
შენთან ხალხი აღარ არის. შენ ახლა მხოლოდ იარაღს, ხრიკებსა და ფულს ფლობ. ძალიან გაღატაკდი და ღმერთის, საკუთარი ხალხისა და ბუნების წინააღმდეგ მიდიხარ! ეს კი როგორ მთავრდება, წესით უნდა იცოდე. მთავარია, ქვეყანამ რაიმენაირად გაძლოს.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პანკისელ, სვან, ლეჩხუმელ, აჭარელ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი ძალებით იბრძვიან მშობლიური კუთხეებისა და ამდენად, მთელი საქართველოს გადასარჩენად!
მოვუწოდებთ ყველას სიტყვით და საქმით დავუდგეთ გვერდით ამ გმირ ხალხს”!- ვკითხულობთ განცხადებაში.

იტვირთბა....