„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას მიმართა”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, დისკუსია პარლამენტის თავმჯდომარესთან და ყველა სხვა დაინტერესებუ მხარესთან, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვას მიეძღვნება.
“ჩვენ აუცილებლად მოვისმენთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ყველა მხარის მოსაზრებას, ჩვენი სურვილია, ვნახოთ ისეთი პროცესი, რომელიც ყველა დაინტერესებული პირისთვის და მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო შედეგს მოიტანს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას მიმართა. ჩემი აზრით, ეს ნამდვილად სასარგებლოა, რათა მომზადდეს ნიადაგი დისკუსიების ბოლო ნაწილისთვის, ვგულისხმობ მოსამართლეების დანიშვნის კრიტერიუმებს. როგორც იცით, ევროკავშირში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები დაფასებულია, როდესაც საქმე მართლმსაჯულების საკითხებს ეხება. ველოდები ამ რეკომენდაციების იმპლემენტაციას. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დისკუსიაზე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან გვექნება.
ცხადია, ვენეციის კომისია თავადაც აცნობიერებს, რომ ეს პოლიტიკური ხასიათის რეკომენდაციაა. ეს იმ ფაქტის გამოხატულებაა, რომ ვენეციის კომისიაც აცნობიერებს, რომ ეს პოლიტიკურად დამუხტული პროცესია. საბოლოო ჯამში, ეს არ არის წარმოდგენილი, როგორც ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია, რადგან ყველა მთავარი რეკომენდაცია არის მართლმსაჯულების საკითხზე და არის ტექნიკური ხასიათის. ჩემი აზრით, ამ თემაზე მსჯელობა შეიძლება. ჩვენ აუცილებლად მოვისმენთ ამ საკითხზე ყველა მხარის მოსაზრებას“, – განაცხადა ჰარცელმა.