ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მეტროში ოთხი ახალი შემადგენლობის დამატების მიზნით, ტენდერი გამოცხადდა

თბილისის მეტროში ოთხი ახალი შემადგენლობის დამატების მიზნით, ტენდერი გამოცხადდა, რომლის ღირებულებაც 20 მილიონი ლარია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვაგონების მოდერნიზებისა და სადგურების რეაბილიტაციის შემდეგ, მეტროში მოცდის დრო სამ წუთზე ნაკლები გახდება.

„დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, როგორც ავტობუსების განახლება, ასევე, მეტროს ვაგონებისა და სადგურების რეაბილიტაცია, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დღეს ვაცხადებთ ტენდერს მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობის დამატების მიზნით, რომლისთვისაც 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. ჩვენი მიზანია, რომ განსაკუთრებით პიკის საათებში, მოცდის დრო სამ წუთზე ნაკლები გავხადოთ, ხოლო მეტროს სადგურები და ვაგონები რეაბილიტირებული და განახლებული იყოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ბოლო დროს მეტროში არსებულ მდგომარეობასთან და ვაგონების დაზიანებებთან დაკავშირებით, ინფორმაცია ხშირად ვრცელდება, თუმცა მსგავსი შემხვევები წლების წინაც ხდებოდა.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის მიზანია, რომ მსგავსი პრობლემები მთლიანად აღმოიფხვრას და თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგდეს.

„ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან აქტიურად ვრცელდება ფოტოები და ინფორმაციები მეტროში არსებულ სიტუაციასთან და ვაგონების მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა, რომელიც დღეს და გუშინ არ დაწყებულა. წლების განმავლობაში, თანხები სწორად არ იყო მიმართული, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. 2018-2019 წლებში 100 მილიონი ლარი დაიხარჯება, როგორც მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის, ასევე, სიგნალიზაცია-ვენტილაციის პროექტის განხორციელებისთვის. აქედან 70 მილიონი ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო 15 მილიონი დოლარი აზიის განვითარების ბანკისგან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მეტროში დაზიანებების შესახებ არსებულ სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში მგზავრთა ნაკადი გაზრდილია.

„2017 წელს დაფიქსირდა 326 დაზიანება, მათ შორის, მგზავრების ევაკუაციის 95 შემთხვევა; 2018 წელს იყო 305 დაზიანება, მათ შორის, მგზავრების ევაკუაციის 92 შემთხვევა; 2019 წელს კი გვაქვს 100 შემთხვევა, მათ შორის, მგზავრების ევაკუაციის 26 შემთხვევა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ მგზავრების რაოდენობა გაზრდილია. მაგალითად, 2016 წელს დღეში მგზავრის საშუალო რაოდენობა იყო 273 000, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელია 100 ათასით გაიზარდა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველანაირად მოწესრიგებული იყოს, როგორც ავტობუსები, ასევე, მეტროს ვაგონები და სადგურები. ამდენი ხნის განმავლობაში, რამდენიმე ჩამონგრეული მეტროს სადგური ვერ გავაკეთეთ გარკვეული პრობლემების გამო – ხან პროექტი არ ვარგა, ხან ისეთს მოგვაწვდიან, რომლის გაკეთებაც უბრალოდ სირცხვილია, ხან კიდევ ტენდერი ვარდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილეს მიმართა, რომ მეტროს სადგურების რეაბილიტაციის მიზნით, პირდაპირი წესით შესყიდვები რაც შეიძლება სწრაფად გამოცხადდეს.

„ჩემი თხოვნაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოაცხადოთ პირდაპირი წესით შესყიდვები. ამას საზოგადოება უყურებს, ერთი წელი გავიდა და „ვარკეთილის“ ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, რაც სირცხვილია. ვიმოქმედოთ სწრაფად და ხარისხზე ორიენტირებული ვიყოთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

იტვირთბა....