ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქვეყანაში ორი საპრეზიდენტო სასახლე გვაქვს, რომელსაც სახელმწიფო ინახავს” – ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ორი საპრეზიდენტო სასახლე გვაქვს, რომელსაც სახელმწიფო ინახავს.

„ეს არის თავმოუბმელობისა და მავნებლობის ტიპური მაგალითი „ქართული ოცნებიდან“. წლების განმავლობაში იყო საუბარი, თურმე პრეზიდენტის რეზიდენცია არის დიდი და მისი კომუნალური ხარჯები მაღალია. დღეს მივიღეთ სიტუაცია, როდესაც გვაქვს ორი სასახლე, სახელმწიფო ინახავს ორივეს და აქედან ერთ-ერთის ფუნქცია სრულიად გაურკვეველია. თურმე, ამხელა შენობა და რეზიდენცია მხოლოდ იმისთვის უნდა არსებობდეს, რომ წელიწადში ერთხელ მიღება მოეწყოს.

ეს არის მაგალითი, როგორ მართავს ქვეყანას „ქართული ოცნება“, სადაც გადაწყვეტილებები ერთი ადამიანის პირადი სურვილების მიხედვით მიიღება და შემდეგ ხდება თითქოსდა რაციონალური ფორმისა და ახსნა-განმარტების მოძებნა ამ გადაწყვეტილებების უკან. თუ არ იცოდნენ, რაში გამოეყენებინათ პრეზიდენტის სასახლე, თავი დაენებებინათ ფართის დათვლისთვის, კომუნალურების დაანგარიშებისთვის, რადგან დღეს იგივე თანხას, ოღონდ გაორმაგებულად იხდის სახელმწიფო.

პრეზიდენტი ყოფილიყო თავის რეზიდენციაში, რადგანაც ეს იყო სახელმწიფო სიმბოლო. ამ გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად სახელმწიფო სიმბოლოც დააზიანა და მეორე მხრივ, დატოვა სასახლე, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული რეზიდენციაა საქართველოში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იტვირთბა....