ოკუპირებული გალის რაიონის მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში დაკავებული გელა როსტობაია გაათავისუფლეს. როგორც „ლაივპრესს“ გათავისუფლებულის მამამ, იანურ როსტობაიამ განუცხადა, მისი შვილი უკვე ზუგდიდში იმყოფება და მალე სახლში ელოდებიან.
იანურ როსტობაიას თქმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით პრობლემა მოლაპარაკების გზით მოგვარდა და გელა როსტობაიას ჯარიმა არ დააკისრეს.
შამგონის მცხოვრებს ენგურის ხიდთან სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია დახვდნენ. ფოტომასალას მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ავრცელებს.
39 წლის გელა როსტობაია 5 აპრილს ე.წ. მესაზღვრეებმა მაშინ დააკავეს, როცა სახლიდან რამდენიმე მეტრში, მდინარე ენგურზე მარტო თევზაობდა.