საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ სებასტიან შეფერდის ექსტრადიციის ბრძანება გამოსცა.
მათივე ინფორმაციით, ექსტრადიციის შესახებ ბრძანება აღსასრულებლად გადაეცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რომელსაც დაევალა შეფერდის გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლებისთვის გადაცემა კანონით დადგენილი წესითა და ორი ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების თანამშრომლობის შედეგად დადგენილ ვადაში.
„ექსტრადიციის შესახებ ბრძანება ეფუძნება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2019 წლის 26 მარტის განჩინებას შეფერდის გაერთიანებულ სამეფოში ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ, რომელიც შეფერდის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ გასაჩივრებულა. ასევე, ბრძანებაში მითითებულია, რომ შეფერდის გაერთიანებულ სამეფოში ექსტრადიცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ძირითად ინტერესებს, და ასევე არ არსებობს ჰუმანიტარულ ან სხვა გარემოებათა გამო შეფერდის გაერთიანებულ სამეფოში ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი.
ექსტრადიციის შესახებ ბრძანება ასევე უთითებს, რომ საქმის მასალებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ანალიზის შედეგად, იუსტიციის მინისტრმა დაადგინა, რომ შეფერდის გაერთიანებულ სამეფოში ექსტრადიციის შემთხვევაში, საფრთხე არ ექმნება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებას. მათ შორის, არ იკვეთება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-6 ანდა მე-8 მუხლების დარღვევის რისკი“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.